მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა კობახიძის განცხადებაზე ისაუბრა

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია ე.წ. პიჯაკების საქმის პროცესზე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „პრივილეგირებული მოსამართლე პოლიტიკურ პლატფორმას აძლევს მიხეილ სააკაშვილს“.

ადვოკატმა ეს განცხადება აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე თავდასხმად შეაფასა.

ე.წ. პიჯაკების საქმეს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი განიხილავს. ადვოკატ ბასილაიას ვარაუდით, ირაკლი კობახიძის სიტყვები შეეხებოდა ან მოსამართლე კოჭლამაზაშვილს, ან 7 ნოემბრის საქმის განმხილველ კოლეგიას – ნინო ელეიშვილს, მაია კოპალეიშვილსა და ლაშა კლდიაშვილს. ადვოკატის თქმით, სააკაშვილი სიტყვით სხვა პროცესებზე არ გამოსულა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ კობახიძის სიტყვები რეაგირების გარეშე დარჩა, რაც მიუთითებს იმას, რომ სასამართლო თავისუფალი არაა.

„ამაზე მკაფიო თავდასხმა სასამართლო ხელისუფლებაზე, რომ მოსამართლეს უწოდო პრივილეგირებული, შეუძლებელია. მით უმეტეს, ის შედის კონსპირაციის თეორიებში და რამე კონკრეტულს კი არ ამბობს ამ პრივილეგიის ნაწილში, რაზეც თქვენ შეიძლება გასცეთ პასუხი, დახურულად ტოვებს საკითხს და იძლევა ფართო ინსინუაციის შესაძლებლობას, რომ შეიძლება იყოთ რომელიმე მხარესთან შეთანხმებული, „შეკრული“, ვიღაცის დავალების შემსრულებელი და ა.შ.

ეს ისეთი ბრალდებაა, კონკრეტული მოსამართლის პასუხი არ იქნებოდა საკმარისი, იმავე იუსტიციის საბჭოს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ან სხვა მმართველობითი რგოლების მხრიდან ეს განცხადება, პირდაპირი თავდასხმა რომ დარჩა ყოველგვარი შეფასების გარეშე, პასუხი არ გაეცა, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელი არ არის და რომ სააკაშვილის საქმეები გამოიყენება პოლიტიკურ ინსტრუმენტად… ეს ასევე იყო სასამართლოზე პირდაპირი მითითება, რომ სააკაშვილს არ მიეცეს არანაირი განცხადების გაკეთების შესაძლებლობა“, – განცახადა ბასილაიამ სხდომაზე.

ბასილაიას საპასუხოდ მოსამართლე კოჭლამაზაშვილმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია არა ის, ვინ რა განცხადებას გააკეთებს, არამედ ის, ექვემდებარებიან თუ არა მოსამართლეები „მითითებებს“.

„მე ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ გამიკეთებია განმარტება ამ საქმის განხილვის პროცესში და დღესაც იმავეს ვიტყვი, მნიშვნელოვანია არა ის, თუ ვინ გააკეთებს განცხადებას მოცემულ საქმესთან დაკავშირებით და რას იტყვის ის კონკრეტული საქმის განმხილველ სასამართლოსა თუ მოსამართლეზე, არამედ, როგორც თქვენ უწოდებთ ამას მითითებას, რამდენად ექვემდებარებიან საქმის განმხილველი მოსამართლეები ამგვარი ხასიათის მითითებებს და თუ არ ექვემდებარებიან, ეს, მე მგონი, კარგის მაუწყებელია“, – განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.


8 თებერვალს პარლამენტში პრემიერობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ

პრივილეგირებულია ის მოსამართლე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებზე გამოსვლის პირდაპირ ეთერში გაშვების უფლებას აძლევს.

პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც მთავრობა უნდა დაამტკიცონ, ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიას პარტიის წევრის, ანა ბუჩუკურის კითხვას უპასუხა.

ბუჩუკურის კითხვა ასეთი იყო:

„რატომ აძლევთ სააკაშვილს პარტიული თათბირების ჩატარების უფლებას?”.

ირაკლი კობახიძის თქმით, შენიშვნა, რომ სასამართლო პოლიტიკური სიტყვის პლატფორმად არ უნდა იქნეს გამოყენებული, ლეგიტიმურია.

„ნამდვილად არასწორი მოვლენაა, რბილად რომ ვთქვათ. თუმცა, შეგიძლიათ, მოიკითხოთ, ვისგან და რატომ არის ეს კონკრეტული მოსამართლე პრივილეგირებული, რატომ სარგებლობს ეს კონკრეტული მოსამართლე, რომელიც პოლიტიკურ პლატფორმას აძლევს მიხეილ სააკაშვილს სასამართლო სხდომათა დარბაზში, ვისგან არის ეს კონკრეტული მოსამართლე და რატომ პრივილეგირებული? […] კიდევ ერთხელ, მოიკითხეთ, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე საბოლოო ჯამში, კვალი შეიძლება მივიდეს იქ, სადაც თქვენი კვალიც მიდის”. – თქვა ირაკლი კობახიძემ, რომელსაც არ დაუკონკრეტებია, ვისზე საუბრობდა.