თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ, ნინო შჩერბაკოვმა დღეს, 2 თებერვალს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა აქტივისტ ნატა ფერაძეს, რომელიც სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი სტალინის გამოსახულებიანი ხატისთვის საღებავის შესხმის საქმეში.
ამავე მოსამართლემ გასულ თვეებში სამართალდამრღვევებად ცნო ჟურნალისტები, რომლებიც აქციებზე სამსახურებრივი საქმიანობის დროს დააკავეს, ასევე აქტივისტები და უფლებადამცველები.
ვინ არის ნინო შჩერბაკოვი – „პუბლიკამ“ საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებით შეაგროვა ინფორმაცია მოსამართლეზე, რომელიც 2023 წლის ნოემბერში პოსტზე უვადოდ გამწესდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდის მიხედვით, 38 წლის ნინო შჩერბაკოვმა 2007 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, 2009 წელს კი სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში მიიღო.
2008-2009 წლებში იგი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სტაჟიორი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. 2009 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა, 2011 წელს კი გაიარა მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი.
2016 წლამდე მუშაობდა საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნისა და მოსამართლის თანაშემწის პოზიციაზე.
ნინო შჩერბაკოვმა 2014 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
2016-2018 წლებში ის იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მთავარი კონსულტანტი – მწერალი თანაშემწე. ამავე პოზიციაზე მუშაობდა ის სააპელაციო სასამართლოშიც.
2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
2020 წლის 1 დეკემბრიდან გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.
2023 წლის 3 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ნინო შჩერბაკოვი უვადო მოსამართლედ დანიშნა.
საქმეები, რომლითაც ნინო შჩერბაკოვი ყურადღების ცენტრში მოექცა
- „ტაბულას“ და „პუბლიკის“ ჟურნალისტების დაჯარიმება
2023 წლის 2 მარტს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ გამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი და „პუბლიკის“ დირექტორი ზურა ვარდიაშვილი დააკავა.
შსს ორივე ჟურნალისტს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
საქმეები მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა 31 მარტს განიხილა.
პროცესზე შსს-მ მტკიცებულებად წარმოადგინა მოწმე პოლიციელების ჩვენება, სამართალდარღვევისა და დაკავების ოქმები.
სამართალდამცველები ამბობდნენ, რომ ჟურნალისტები იგინებოდნენ უმისამართოდ, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, დადიოდნენ გზის სავალ ნაწილზე, არ ემორჩილებოდნენ კანონიერ მოთხოვნას.
პოლიციელებს არ წარმოუდგენიათ სამხრე კამერის ჩანაწერი, რომელიც მათ ჩვენებას გაამყარებდა.
ამ ჩვენებების საპასუხოდ, ადვოკატებმა წარმოადგინეს ვიდეომტკიცებულებები, სადაც პოლიციელების მიერ სამართალდარღვევად შეფასებული არცერთი ქმედება არ ჩანს.
მოსამართლე შჩერბაკოვმა „პუბლიკის“ დირექტორს არ დაუკმაყოფილა საპატრულო პოლიციის დირექტორის, ვაჟა სირაძის გამოკითხვის შუამდგომლობა.
ადვოკატი ვაჟა სირაძის გამოკითხვას იმიტომ ითხოვდა, რომ ზურა ვარდიაშვილი მისი უშუალო მითითების შემდეგ დააკავეს. სხდომაზე წარადგინეს ვიდეო, სადაც ისმის სირაძის ხმა: „გამოათრიეთ აქედან“, „დავაი, გაათრიეთ“.
მოსამართლემ თქვა, რომ ის გადაწყვეტილებას მოწმედ წარმოდგენილი პოლიციელის გამოკითხვის შემდეგ მიიღებდა. ჩვენების მოსმენის შემდეგ მან შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, თუმცა არ განმარტა, რატომ.
მოსამართლე შჩერბაკოვმა გადაწყვეტილება აპრილში გამოაცხადა. მან ორივე ჟურნალისტი სამართალდამრღვევად ცნო და 2 200 ლარით დააჯარიმა.
- გადაწყვეტილება მთავრობის განკარგულებების საჯარო ინფორმაციის სახით გაცემაზე
ნინო შჩერბაკოვი მოსამართლე იყო საქმეზე, სადაც IDFI მთავრობის განკარგულებების გასაჯაროებას ითხოვდა.
მთავრობის ადმინისტრაციამ 2020 წლის მარტიდან შეწყვიტა ვებგვერდზე განკარგულებების გამოქვეყნება, თუმცა ეს ვალდებულება მას კანონმდებლობით აქვს დაკისრებული.
IDFI-მ განცხადებით მიმართა მთავრობას და მოითხოვა განკარგულებების საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა, მაგრამ არც ამ მოთხოვნას და არც შემდგომ წარდგენილ საჩივარს არ მოჰყოლია რაიმე რეაგირება.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის განხილვა 2-წელიწადნახევარი გაჭიანურდა. 2023 წლის 19 მაისს კი, მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა მთავრობას არ დააკისრა მისივე რეგლამენტით დადგენილი, ღია და საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება.
„პუბლიკას“ ხელთ აქვს გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილიც.
ნინო შჩერბაკოვმა მთავრობის ადმინისტრაცია კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებისგან იმ არგუმენტით გაათავისუფლა, რომ ინფორმაციის გასაჯაროებისთვის მომზადება მოპასუხეს დიდი მოცულობის ტვირთს დააკისრებდა, „რაც ადმინისტრაციული ორგანოს პარალიზებასა და ძირითადი ფუნქციებიდან მოწყვეტას გამოიწვევდა“.
„მითითებული მოთხოვნის შესრულებისათვის საჭიროა დასახელებულ პერიოდში მიღებული საქართველოს მთავრობის განკარგულებების შინაარსის დეტალური შესწავლა, დახარისხება, დამუშავება, ამავე პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული საიდუმლოების შემცველი განკარგულებების გამოსაყოფად და ეს იმ ვითარებაში, როდესაც განკარგულებების რიცხვი მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პერიოდისათვის მნიშვნელოვან რაოდენობას შეადგენს.
სრულიად აშკარაა, რომ აღნიშნული მოცულობის სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო გახდება შესაბამისი სამუშაო ჯგუფის შექმნა. აღნიშნული კი, ბუნებრივია, უნდა დაკომპლექტდეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დასაქმებული სხვა მოხელეებით, რაც უპირობოდ გულისხმობს ადმინისტრაციის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელშეშლას. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რესურსის მობილიზება მხოლოდ მოსარჩელის მოთხოვნაზე, ავტომატურად გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითადი საქმიანობის სათანადოდ განუხორციელებლობას“, – წერს შჩერბაკოვი სამოტივაციო ნაწილში.
- ცარიელი ფურცლისა და „ირაყლის“ ბანერების გამო დაკავებულთა საქმე
27 სექტემბერს მოსამართლე შჩერბაკოვმა უფლებადამცველი ედუარდ მარიკაშვილი აქციაზე ცარიელი ფურცლის, ხოლო საბა ბრაჭველი, ნიკა რომანაძე, გრიგოლ ფრანგიშვილი და ნოდარ სიხარულიძე წარწერა „ირაყლის“ დაჭერის გამო სამართალდამრღვევებად ცნო და დააჯარიმა.
უფლებადამცველები და აქტივისტები 2 ივნისს პარლამენტის წინ დააკავეს.
შსს მათ წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველების დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
უწყება სამართალდარღვევად მიიჩნევდა სიტყვა „ირაყლის“ გამოყენებას, რაც მოწმე პოლიციელების შეფასებით, „კაცის სასქესო ორგანოზე მინიშნება იყო“. პოლიციელები ასევე ამბობდნენ, რომ აღნიშნული პირები მათ ეძახდნენ „მონას“, „ნაძირალას“, „პუტინის მილიციას“.
საქმეში, ძირითადად, არ არსებობდა სამხრე კამერების ჩანაწერები. ბრალდება, მოწმე პოლიციელების ჩვენებებს დაეყრდნო.
სხდომებზე შეისწავლეს ვიდეომტკიცებულებებიც, რომელთაგან არცერთი არ ასახავდა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ან სიტყვიერ შეურაცხყოფას. ზოგმა პოლიციელმა ამ ვიდეოებში საკუთარი თავიც ვერ ამოიცნო.
უფლებადამცველმა საბა ბრაჭველმა და ედუარდ მარიკაშვილმა მათ საქმეზე წარმოდგენილი მოწმე პოლიციელების შესახებ განაცხადეს, რომ ისინი ამ პოლიციელებს არ დაუკავებიათ, თუმცა სასამართლომ მხედველობაში მაინც მიიღო ამ პოლიციელების ჩვენება.
ადვოკატები ასევე ხაზს უსვამდნენ, რომ „ირაყლი“ გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება. ისინი იშველიებდნენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას „პანორამა არა *ლე“ ბანერზე. სასამართლომ ამ სიტყვის გამოყენება გამოხატვის თავისუფლებად შეაფასა.
საბოლოოდ, ნინო შჩერბაკოვმა საბა ბრაჭველის, ედუარდ მარიკაშვილის, ნიკა რომანაძისა და გრიგოლ ფრანგიშვილის მიმართ პოლიციელის დაუმორჩილებლობაზე საქმისწარმოება შეწყვიტა, ხოლო წვრილმანი ხულიგნობის ნაწილზე ისინი 500 ლარით დააჯარიმა.
აქტივისტი ნოდარ სიხარულიძე კი მოსამართლემ ორივე მუხლში სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა.
ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა ეს საქმე შეაფასეს, როგორც „უსამართლო, არაკონსტიტუციური და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო“.
- კეკელიძეზე დაკავებული ჟურნალისტის, გელა მთივლიშვილის საქმე
31 იანვარს მოსამართლე შჩერბაკოვმა ჟურნალისტს და „მთის ამბების” რედაქტორს, გელა მთივლიშვილს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ჟურნალისტი 23 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას დააკავეს. ის დაახლოებით 6 საათის განმავლობაში იყო დაკავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
ჟურნალისტი ამბობს, რომ მას კანონი არ დაურღვევია და დაკავების შემდეგ პოლიციელებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს.
მისივე თქმით, მას აქვს მის მიერვე გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც ადასტურებს, რომ ის ყოველგვარი განმარტების გარეშე დააკავეს და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალეს.
პროცესზე შსს-მ მოწმედ პოლიციელი წარმოადგინა. აღსანიშნავია, რომ პოლიციამ ვერ წარმოადგინა საკუთარი სიტყვების დამადასტურებელი ვიდეომტკიცებულება, ხოლო რაც წარმოადგინეს, იმ მასალაში მთივლიშვილი საერთოდ არ ჩანს.
- სტალინის გამოსახულებიანი ხატის შეღებვის საქმე
ნინო შჩერბაკოვმა დღეს, 2 თებერვალს 5-დღიანი პატიმრობა გამოიყენა აქტივისტ ნატა ფერაძის მიმართ, სამების ეკლესიაში სტალინის გამოსახულებიანი ხატისთვის საღებავის შესხმის საქმეზე.
ფერაძის უფლებადამცველი ორგანიზაციის, საიას ცნობით, მოსამართლემ არ დაასაბუთა, რატომ არის გამოყენებული სანქცია (პატიმრობა) პროპორციული ზომა.
„დაუსაბუთებელი დადგენილებით ყველაზე მკაცრი სანქციის, პატიმრობის გამოყენება დაუშვებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას“, – მიაჩნია საიას.
ორგანიზაცია გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები და ადვოკატები აცხადებენ, რომ პრობლემურია პრაქტიკა, როცა ადმინისტრაციული საქმეების განხილვის დროს სასამართლო მხოლოდ მოწმე პოლიციელის ჩვენებას ეყრდნობა და შსს-ს სასამართლოში სხვა მტკიცებულება არ მიაქვს.
ეს პრაქტიკა პრობლემურადაა მიჩნეული სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მხრიდანაც.