„ინდიგოს” ჟურნალისტის, საბა სორდიას საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე ზვიად ცეკვავა 17 აპრილს, 12:00 საათზე გამოაცხადებს. ადმინისტრაციული პატიმრობიდან ის უკვე თავისუფალია.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტის ადმინისტრაციული საქმის განხილვა დღეს, 8 აპრილს გაიმართა. საბა სორდია ადმინისტრაციული წესით, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით, ჩხრეკის შემდეგ 6 აპრილს დააკავეს.
დღევანდელ პროცესზე საბა სორდიას დამკავებელმა ერთ-ერთმა პოლიციელმა თქვა, რომ ჟურნალისტი თავიდან დაემორჩილა, მაგრამ „ღონისძიების [ზედაპირული შემოწმების] დასრულების უფლება არ მისცა”. ასევე, მისი მტკიცებით, „უკმაყოფილება გამოთქვა ტელეფონით გადაღების გამო და ხელი ჰკრა”.
„თვითონ მეუბნებოდა, რომ „არ გაქვს ამის უფლება”. მე მისთვის ფოტოს გადაღებას არ ვაპირებდი, ვაპირებდი მხოლოდ ვიდეოს გადაღებას, როგორც იქცეოდა, შემდეგ სასამართლოსთვის რომ მეჩვენებინა მტკიცებულების სახით […].
გინებას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ როცა გაიგო, რომ თუ იმავეს გააგრძელებდა, მოხდებოდა მისი დაკავება, ირონიულად მოგვიხსენიებდა პოლიციელებს და გვადარებდა მონებს”. – თქვა მან.
პოლიციელმა ასევე თქვა, რომ საბა სორდიას ჩხრეკა გადაწყვიტეს, ვინაიდან „როცა მან პოლიციის ფორმიანები დაინახა, თვალი მოგვარიდა და შემობრუნდა”.
თავად საბამ უარყო, რომ პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა. მისივე თქით, კრიმინალისადმი სიმპათია არასდროს ჰქონია და აქედან გამომდინარე არც პოლიციისადმი თავის არიდების მცდელობა ჰქონია.
ჟურნალისტმა ასევე განაცხადა, რომ პოლიციის მანქანაში შეურაცხმყოფელ ფრაზებს ეუბნებოდნენ, ხოლო განყოფილებაში – კამერის დამტვრევით დაემუქრნენ.
პოლიციამ საბა სორდია მარჯანიშვილის მეტროსთან დააკავა მას შემდეგ, რაც პარკინგზე თავისი მოპედი გააჩერა.
„ჩანთის გახსნა დავიწყე მე თვითონ, ლურჯი ჩანთაა, რომელსაც აქვს 2 დიდი ჯიბე და წინ ერთი პატარა ჯიბე. უკანა ჯიბეში ლეპტოპი მიდევს ხოლმე, რომელიც მაშინ არ მქონდა. უპრობლემოდ გავხსენი, ვაჩვენე. შიდა ჯიბეს აქვს პატარა ჯიბე. მე თვითონ ვაკეთებდი ყველაფერს. შიდა პატარა ჯიბის გახსნა დაიწყო პოლიციელმა.
ამას მოჰყვა ჩემი სიტყვიერი წინააღმდეგობა, რომ „მე თვითონ გავხსნი”. ამის გამო ხელი დამიჭირა. ჩანთაში მქონდა კამერა GoPro, რომელიც თვალშიც მომხვდა. დაიწყო ფოტოების გადაღება. ამაზეც მივუთითე, რა პრინციპით იღებდა ფოტოს. არასდროს ხდება სწორი განმარტება იმის, თუ როგორ ხდება სწორი გადამოწმება ადამიანის. ამაზეც მივუთითე პოლიციელს და ამანაც აგრესია გამოიწვია.
„დაკავების შემდეგ, როცა ჩამსვეს მანქანაში, სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს მანქანაში, არ უგინებიათ, მაგრამ პერსონალურ შეურაცხყოფას მაყენებდნენ. ავედით განყოფილებაში, სადაც ასევე გაგრძელდა სიტყვიერი შეურაცხყოფა. რამდენჯერმე გავამახვილე ყურადღება კამერაზე – მაისის აქციების დროს ერთი GoPro უკვე წამართვეს და სათუთი ნივთია ჩემთვის და ვეუბნებოდი, რომ გაფრთხილებდნენ. რამდენჯერმე ამოიღეს ჩანთიდან, ჩიპი რამდენჯერმე შეამოწმეს, ხომ არ მქონდა რამე ჩაწერილი, შემდეგ ჩიპი დააფორმატეს. მობილურის განბლოკვა მთხოვეს.
უპრობლემოდ გავუხსენი ტელეფონი, შეამოწმეს და ჩანთაში დააბრუნეს. ამის შემდეგ დამშვიდდა სიტუაცია. შეურაცხმყოფელი ფრაზები არ განმეორებულა, ერთადერთი GoPro-ზე გავიმეორე და მითხრეს, კედელს მივანარცხებთო. მერე მითხრეს, ეს ხუმრობით ვთქვითო.
ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, სიტყვიერი შეურაცხყოფა არ განმეორებულა.
ის, რომ მე ჩანთა არ გამიხსნია, ასე არ არის. სიტყვა „მონა” საერთოდ არ მიხსენებია”. – თქვა საბა სორდიამ.