მოსამართლემ ე.წ. საბოტაჟის საქმის შემდგომი პროცესები კვირაში ორჯერ ჩანიშნა

პუბლიკა

ე.წ. საბოტაჟის საქმის მოსამართლემ თამარ მახარობლიძემ საქმეზე შემდგომი პროცესები კვირაში ორჯერ ჩანიშნა, აქამდე საქმეზე სხდომა თვეში ერთხელ ტარდებოდა.

როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას ერთ-ერთი ბრალდებულის, ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი ამბობს, მომდევნო პროცესი გაწერილი იყო 23 ივნისს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე პროცესი დღეს, 11 ივნისს გადმოინიშნა, სადაც მომდევნო თარიღებიც განისაზღვრა.

მისი ცნობით, შემდგომი პროცესი 18 ივნისს გაიმართება, რის შემდეგაც პროცესები ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ მხარეებს წინასწარ ჩანიშნული ჰქონდათ 23 ივნისის და 22 ივლისის პროცესები.

„23 ივნისს და შემდეგ 22 ივლისს გვქონდა მონიშნული, ეს გვქონდა წინასწარ გაწერილი – ანუ დამატებით ივნისი – ივლისი თვეში თითო სხდომა. 23 ივნისს უნდა ყოფილიყო შემდეგი პროცესი, ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს და 11 ივნისს გადმოანიშნინა.

არგუმენტი იყო – „სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება”, – ეს ეწერა მხოლოდ”, – ამბობს „პუბლიკასთან” ირაკლი ჩომახაშვილი.

აქამდე პროცესები ამ სიხშირით იმართებოდა:

  • 10 თებერვალი – (წინასასამართლო სხდომა);
  • 23 თებერვალი – (დაიწყო არსებითი განხილვა);
  • 25 მარტი
  • 27 აპრილი
  • 25 მაისი
  • 23 ივნისი
  • 22 ივლისი

საკითხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ნიკა გვარამია:

„თვეში ერთხელ ან ორჯერ ინიშნებოდა პროცესები, თან უკვე სექტემბრამდე გაწერილი იყო. ახლა „მოსამართლემ” ჯერ ხო 2 კვირით აქეთ გადმონიშნა და უკვე ამ პროცესზე კვირაში ორჯერ ჩანიშნა სხდომები მთელი სამუშაო დღის განმავლობაში, ვიდრე საქმე არ მორჩება. ეს თქვა და სხდომიდან გაიქცა…

მოკლედ, სადღაც სექტემბრისთვის „საბოტაჟნიკების” ახალ პარტიას უნდა ელოდოს რუსთავის მე-12″, – წერს ის.

საქმე მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზეა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმის განხილვა დამსწრეთათვის, მათ შორის მედიისთვის დახურულია. საქმეზე ჯამში ბრალდებულია 8 პოლიტიკოსი – მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია, ნიკანორ მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.