მოსამართლეთა ნაწილმა საკმარისად ვერ წარმოაჩინა ერთგულება მიუკერძოებლობისადმი - აშშ-ის საელჩო

პუბლიკა

აშშ-ს საელჩო საქართველოში პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დამტკიცების შესახებ განცხადება გაავრცელა.  განხცადებაში აღნიშნულია, რომ საელჩო ყურადღებით აკვირდებოდა მოსამართლეთა შერჩევის პროცესს.

მათი თქმით, ისინი იზიარებენ საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ქართველი ექსპერტების შეფასებას, რომ კანდიდატთა შერჩევის პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭში არ იყო საკმარისად გამჭვირვალე და ნომინირებული კანდიდატები არ იყვნენ საკმარისად კვალიფიციური კადრები.

„მაისში ჩვენ გამოვთქვით წუხილი პარლამენტის მიერ მიღებულ შერჩევის პროცედურებზე, რომელმაც ვერ ასახა ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მისიების ბევრი რეკომენდაცია.

ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ქართველი ექსპერტების შეფასებას, რომ კანდიდატთა შერჩევის შემდგომი პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო არასაკმარისად გამჭვირვალე, შედეგად, რიგი ნომინირებული პირებისა არ წარმოადგენდნენ საუკეთესო კვალიფიციურ კანდიდატებს.

ნომინირებული კანდიდატების მოსმენები პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში იყო ღია და გამჭვირვალე. მოსმენებისას კანდიდატების გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლო საკმარისად წარმოეჩინა იურიდიული ცოდნა ან ერთგულება მიუკერძოებლობისადმი. ჩვენ ვწუხვართ, რომ დღეს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში ეს ნომინირებული კანდიდატებიც არიან“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ის საელჩო ურჩევს პარლამენტსა და ხელისუფლებას, რომ დამატებითი კანდიდატების შერჩევამდე რეაგირება მოახდინონ შერჩევის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე.

„იმისათვის, რომ საქართველოს სასამართლო სისტემამ მოიპოვოს უფრო მეტი ნდობა, ჩვენ ვურჩევთ პარლამენტს და ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს, რომ დამატებითი კანდიდატების შერჩევამდე რეაგირება მოახდინონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე“,-ნათქვამია აშშ-ის გავრცელებულ განცხადებაში.


დღეს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია 14 კანდიდატი.

ესენი არიან: მერაბ გაბინაშვილი;  მაია ვაჩაძე; თამარ ზამბახიძე; გიორგი მიქაუტაძე; ნუგზარ სხირტლაძე; ლალი ფაფიაშვილი; ნინო ქადაგიძე; მირანდა ერემაძე; მამუკა ვასაძე; შალვა თადუმაძე; ვლადიმერ კაკაბაძე; ლევან მიქაბერიძე; ქეთევან ცინცაძე ; ალექსანდრე წულაძე.

არასამთავრობო ორაგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მოსამართლეთა ეს სია უარყოფით შეფასებას იწვევს. მათი თქმით, პრეტენდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი ღიად უჭერს მხარს სასამართლოში არსებულ კლანს, ერიდება განსხვავებული აზრის გამოხატვას, რაც მათ შინაგან თავისუფლებაზე, ღირებულებებსა და მორალურ სიმტკიცეზე დადებითად არ მეტყველებს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია. მათგან ზაზა თავაძემ უარი განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსში მონაწილეობაზე.