მოსკოვის გზავნილია საქართველოსთვის - უკრაინას რომ მოვრჩებით, თქვენი ჯერიც დადგება - აუსტრევიჩიუსი

პუბლიკა

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი ამბობს, რომ, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ასევე არის მოსკოვიდან საქართველოსთვის გზავნილი, რომ უკრაინის შემდეგ საქართველოს ჯერიც დადგება.

აუსტრევიჩიუსი „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ  ვლადიმერ პუტინის ტაქტიკაა ტერიტორიების „ნაჭერ-ნაჭერ“ მოტაცება და სანამ შეუძლია, მორიგ ნაჭერზე გაიწევს.

„რასაც პუტინი აკეთებს, ეს ე.წ. სალიამის ტაქტიკაა – ნაჭერ-ნაჭერ იტაცებს ტერიტორიებს, არასდროს ჰყოფნის, ვერ ძღება და მორიგ ნაჭერზე იწევს, სანამ ეს სალიამი მაგიდაზე დევს. ეს მიუღებელია. მოდი, ნუ ვიქნებით პუტინის საუზმე.

ნუ ვიქნებით პასიური მაყურებლები, რომლებსაც ნაჭერ-ნაჭერ ათლიან ტერიტორიებს. ვიცით, რომ პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენაზე ოცნებობს – ის კი, თუ სადამდე მიდის პუტინის ახალი საბჭოთა კავშირის საზღვრები, ეს მხოლოდ მან უწყის. მაგრამ სანამ რბილ ძალად ვრჩებით, ყველას გვემუქრება საფრთხე, რომ პუტინის თეფშზე აღმოვჩნდებით“, – ამბობს აუსტრევიჩიუსი.

ევროპარლამენტარი ფიქრობს, რომ რუსეთმა შესაძლოა სწორედ „ყველაზე დიდი ნაჭრით“ დაიწყო და შემდეგი შესაძლოა, საქართველო იყოს.

„საქართველო რუსეთის პოლიტიკის მძევლად რჩება – მძევლად ოკუპირებული ტერიტორიებისა. ვფიქრობ, ის რაც უკრაინაში ხდება, მოსკოვის გზავნილია საქართველოსთვის: როცა უკრაინას მოვრჩებით, თქვენი ჯერიც დადგება.

შემდეგი შეიძლება საქართველო იყოს, შეიძლება სწორედ საქართველოს საზღვრებთან ვნახოთ რუსული დანაყოფების კონცენტრაცია და ეს შეიძლება ძალიან სწრაფად მოხდეს – უკრაინა საქართველოზე ლამის ათჯერ დიდია და, როგორც ჩანს, პუტინმა გადაწყვიტა, ჯერ ყველაზე დიდი და მსუყე ნაჭრით დაიწყოს“, – ამბობს ის.

ლიეტუველი პოლიტიკოსი პეტრას აუსტრევიჩიუსი ევროპარლამენტის იმ დელეგაციის წევრია, რომელიც უკრაინაში საგანგებო ვიზიტით გაემგზავრა და სიტუაციას ახლოდან გაეცნო.

მისი თქმით, დღეს უკრაინაში სიტუაცია 2014 წლისგან განსხვავებით ძალიან შეცვლილია. უკრაინის პოლიტიკასა და ეკონომიკაში შესაძლო ომის ფონზე რყევებია, თუმცა პანიკა არ არის. გაცილებით მეტადაა მომზადებული უკრაინის არმიაც. დასავლეთი კი რიგი შიდა განსხვავებების მიუხედავად, უკრაინის მხარდასაჭერად ერთიან და აქტიურ პოზიციას იკავებს.