მოსკოვში დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი ააფეთქეს

პუბლიკა

დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი, არმენ სარქისიანი მოსკოვში, საცხოვრებელ კომპლექსში აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა.

სარქისიანს საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ფეხი მოკვეთეს, ხოლო მისი დაცვის თანამშრომელი დაიღუპა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია RIA ავრცელებს.

სარქისიანის გარდა, აფეთქების შედეგად დაშავდა კიდევ სამი ადამიანი.

უკრაინის უშიშროების სამსახურის ანგარიშში სარქისიანს უწოდებენ კრიმინალურ ავტორიტეტს, რომელიც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ახლო გარემოცვაშია.

უკრაინის სპეცსამსახურის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სარქისიანს „არბატის“ ბატალიონის შექმნა დაევალა, რომელშიც „მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი რეციდივისტები“ შედიოდნენ.