„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მოსკოვში ყველა შეხვედრაზე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ისაუბრა. ის რუსეთის დედაქალაქში შვილთან ერთად 2 დეკემბერს გაემგზავრა.
ნინო ბურჯანაძის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.
„რა თქმა უნდა, ყველა შეხვედრაზე, რომელიც მქონდა, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბუნებრივია, ვისაუბრე ვაჟა გაფრინდაშვილის თემასთან დაკავშირებით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ცხადია, როგორც ამას აკეთებს ხოლმე დიპლომატიური უწყება, გააკეთა ძალიან მოკლე განცხადება შეხვედრასთან დაკავშირებით და, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი ძირითადი გზავნილიც დააფიქსირა. რაც შეეხება ვაჟა გაფრინდაშვილის თემას, ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით. ხვალაც ვაპირებ შემდგომ შეხვედრებზე საუბარს. მივმართე თხოვნით რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ იმ პროცესში, რათა ხელი შეუწყონ ვაჟა გაფრინდაშვილის რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლების პროცესს. მინდა, დიდი სიამოვნებით გითხრათ, რომ ვარ ძალიან იმედიანად ამ შეხვედრების შემდეგ, რადგან ნამდვილად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არა მარტო ადამიანური თანაგრძნობა და შეწუხება დავინახე ამ საქმესთან დაკავშირებით, მით უფრო, როდესაც საქმე ექიმს ეხება, არამედ პოლიტიკურადაც ძალიან ნათლად ესმის რუსეთის ხელისუფლებას, რომ მათი მხრიდან ამ პროცესის დაჩქარებისთვის ხელის შეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ბურჯანაძემ.