მოსკოვში რუსულ-ქართული ურთიერთობის აღდგენაზე ფორუმი გაიმართა

პუბლიკა

7 დეკემბერს მოსკოვში ფორუმი “რუსეთ-ქართული ურთიერთობები: მათი განვითარების პერსპექტივები” გაიმართა. ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტი და ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“.

ორგანიზაციის ცნობით, ფორუმზე სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე, პირდაპირი ფრენების აღდგენაზე და რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე იმსჯელეს.

რუს მონაწილეებს შორის იყვნენ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები ლეონიდ კალაშნიკოვი, ყაზბეკ ტაისაევი, არტემ კავინოვი, ვლადიმერ ისაკოვი, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლები.

ქართულ დელეგაციაში იყვნენ: დიმიტრი ლორთქიფანიძე, მერაბ ჭიქაშვილი, თემურ მაისურაძე, არჩილ ბუბუტეიშვილი, ირაკლი უბილავა, თემურ ფიფია, რომან ბოკერია, ზაზა ტყებუჩავა, ვასილ კაპანაძე, მიხეილ ჟღენტი, ჟღენტი, გეორგი ჟღენტი.

რუსეთის სტრატეგიული კულტურის ფონდის ვებგვერდზე წერია, რომ ფორუმის შედეგად გადაწყდა, რომ ფორუმის მონაწილეები სახელმწიფოს მეთაურებს მიმართავენ წინადადებებით რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის, ასევე რუსეთში შემოსული საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.

  • დიმიტრი ლორთქიფანიძე „პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის” დირექტორი 2018 წელს გახდა.
  • „პრიმაკოვის ფონდი“ 2013 წლის 21 აგვისტოს “საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტმა” და “გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდმა” დააფუძნა. გორჩაკოვის ფონდი რუსეთის რბილი ძალის გავრცელების ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომლის წესდების მიხედვითაც, ფონდის მიზანია სამეცნიერო, კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების დახმარება საერთაშორისო ურთიერთობებში, მასობრივი ინფორმაციებისა და ინფორმაციული რესურსების საშუალებების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ რუსეთისთვის ხელსაყრელი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, საზღვარგარეთ რუსეთის ინტელექტუალური, კულტურული, სამეცნიერო და საქმიანი პოტენციალის წინ წაწევა, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა სამამულო, უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.
  • დიმიტრი ლორთქიფანიძე 2021 წლის 5 ივლისს აქტიურად მონაწილეობდა 5 ივლისის ძალადობრივ აქციაში.
  • უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დიმიტრი ლორთქიფანიძე რუსეთი 2022 წლის მარტშიც იმყოფებოდა. 24 მარტს მოსკოვში, „გორჩაკოვის ფონდისა“ და პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა.