კარასინის „ქართულ დიასპორასთან“ შეხვედრას დიმიტრი ლორთქიფანიძე დაესწრო

პუბლიკა

24 მარტს მოსკოვში, „გორჩაკოვის ფონდისა“ და პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელსაც რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგორი კარასინი დაესწრო, „პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე იმყოფებოდა. შეხვედრის ამსახველ ფოტოს ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„გორჩაკოვის ფონდის“ ინფორმაციით, შეხვედრას დაახლოებით 40 ექსპერტი, პოლიტიკის მეცნიერები და მკვლევრები საქართველოდან და რუსეთიდან, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ კარასინი „პოლიტიკის ქართველ მეცნიერებს შეხვდა“. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „ექსპერტები საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, მსოფლიო ეკონომიკაში, ასევე სამეცნიერო და საგანმანათლებლო საზოგადოების წარმომადგენლები“.

გრიგორი კარასინის შეფასებით, საქართველოს პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან მიმართებით „დაბალანსებული“ იყო. კარასინმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ფაქტი რუსეთში „შეუმჩნეველი არ დარჩება“.

„გორჩაკოვის ფონდის“ ინფორმაციით, კარასინმა ისაუბრა რუსულ-ქართულ ურთიერთობაზე, გააანალიზა 2012 წლის შემდეგ საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელსა და მას შორის გამართული 26 შეხვედრა. აღნიშნა სავაჭრო ურთიერთობებში მიღეული წარმატებებები, მათ შორის, საქართველოსთვის მოხსნილი შეზღუდვები და თქვა, რომ ამ ორი ქვეყნის ურთიერთობას ნათელი მომავალი აქვს.


დიმიტრი ლორთქიფანიძე „ე.მ. პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის” დირექტორია. TI-ის ინფორმაციით, ეს ორგანიზაცია 2013 წლის 21 აგვისტოს „საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტმა“ და „გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდმა“ დააფუძნა. მათივე ცნობით, გორჩაკოვის ფონდი 2010 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ბრძანებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შექმნა. დიმიტრი ლორთქიფანიძე 2021 წლის 5 ივლისს აქტიურად მონაწილეობდა 5 ივლისის ძალაფობრივ აქციაში.