ამერიკის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს მოსმენების შესახებ კანონზე და აღნიშნავს, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან.
„პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიისა და დასავლელი პარტნიორების მკაფიო რეკომენდაციებს. ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა“, – აცხადებს ამერიკის საელჩო.
6 სექტემბერს საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
პრეზიდენტის შენიშვნებს 20-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 60 კი წინააღმდეგ წავიდა.
შემდეგ პარლამენტმა კანონპროექტი პირველადი რედაქციით მიიღო. პირველადი რედაქციის კანონპროექტს 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 27 კი წინააღმდეგ წავიდა.
პრეზიდენტმა კანონში ცვლილებებს 22 ივნისს დაადო ვეტო და საზოგადოებას განუმარტა, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურია და იცის, რომ მმართველი პარტია ვეტოს დაძლევს, ამის შემდეგ კი, თავისი მოსაზრების წარმოსადგენად ვენეციის კომისიას მიმართა.
27 აგვისტოს ვენეციის კომისიამ კანონში ცვლილებებზე „გადაუდებელი მოსაზრება“ გამოაქვეყნა. მან საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა, ე.წ. მოსმენების კანონის „ნაჩქარევად“ მიღების გამო და მისი გადახედვა ურჩია.
ე.წ. მოსმენების კანონში ცვლილებებს განხილვის ეტაპზევე აკრიტიკებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი განცხადებით, ცვლილებებით შესაძლებელი ხდება, სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი მუხლით მიმდინარე გამოძიების შემთხვევაში, მოქალაქეებს უვადოდ უსმინონ და ამის შესახებ არ შეატყობინონ.
„მიღებული კანონი აზრს უკარგავს იმ დადებით ცვლილებებს, რომელიც კანონმდებლობაში 2014 წელს განხორციელდა სამოქალაქო საზოგადოებისა და ევროპის საბჭოს ექსპერტების აქტიური ჩართულობით”, – აღნიშნულია 10 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში, რომელიც 9 ივნისს გამოქვეყნდა.
არასამთავრობო ორგანიზაციები გამოყოფენ რამდენიმე გარემოებას:
- ფარული მოსმენები 77 [ტიპის] დანაშაულზე შეიძლება უვადოდ განხორციელდეს და რიგი დანაშაულების შემთხვევაში პირმა შესაძლოა 30 წელიც ვერ შეიტყოს, რომ მის მიმართ ფარული მიყურადება ხორციელდებოდა. შესაბამისად, ვერასდროს გამოიყენოს გასაჩივრების უფლება, ვერ ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით და ვერ დაიცვას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.
- საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მაქსიმალური ვადა 6 თვიდან 9 თვემდე იზრდება და დანაშაულთა ჩამონათვალს, რომელზეც ფარული თვალთვალი შეიძლება განხორციელდეს, 27 ნაკლებად მძიმე დანაშაულიც ემატება.