იუნკერთა სახელობის თბილისის 52-ე სკოლა, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199 საჯარო სკოლა, „მწვანე სკოლა“, „ნიუტონის თავისუფალი სკოლა“, „გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია“, UG სკოლა – პროტესტის ნიშნად სწავლის შეჩერებისა და გაფიცვის შესახებ განცხადებებს ავრცელებენ.
მოსწავლეებმა მათი პროტესტის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალები გადმოუგზავნეს „პუბლიკას“, როგორც თბილისის ასევე, რეგიონების საჯარო სკოლებიდან. მოსწავლეები გვიყვებიან, რომ მასწავლებლები პროტესტის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალების გავრცელებას უკრძალავენ. მაგალითისთვის, ერთ-ერთი სკოლის მოსწავლემ გვითხრა, რომ საპროტეტსო ბანერები კედლებზე გაკვრიდან მალევე ჩამოახსნევინეს.
მოსწავლეების ნაწილი პროტესტს გამოხატავს თბილისის მე-60, 143-ე, 159-ე და 55-ე საჯარო სკოლებში, თბილისის ვალდორფის სკოლაში, ასევე ნიგვზიანის საჯარო სკოლაში, ჯვრის მე-3 საჯარო სკოლაში, ბათუმის მე-2 და მე-5 სკოლებში.
განვითარებული მოვლენების ფონზე ბოლო დღეებში გავრცელდა არაერთი საპროტესტო განცხადება და მანიფესტი სხვადასხვა საჯარო სამსახურისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომელთა ნაწილის მხრიდან. ისინი აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეჩერდეს ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებები 2028 წლამდე.
დღეს „ქართული ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძე სხვადასხვა საჯარო სამსახურისა და თუ საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომელთა ნაწილის პროტესტს გამოეხმაურა. კობახიძე ამბობს, რომ მათ წაკითხულის გააზრება უჭირთ და ეს დიდი პრობლემაა.
„აშკარად გამოიკვეთა ის, რაც PISA-ს ტესტებით დასტურდებოდა, რომ საქართველოში არის წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა. როდესაც რიგითი ადამიანი ვერ იაზრებს წაკითხულს ან მოსმენილს, ეს შეიძლება კიდევ
ნაკლები პრობლემა იყოს, მაგრამ, როდესაც წაკითხულის გააზრება უჭირთ კონკრეტულ საჯარო მოსამსახურეებს ან პედაგოგებს სკოლებში ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი პრობლემაა“,- აცხადებს კობახიძე.