მოსწავლეებს ვასწავლიდი უფლებების დაცვას, ახლა მე ვერ ვიცავ ჩემს უფლებებს - გათავისუფლებული დირექტორი

პუბლიკა

მიმოზა ღოლიჯაშვილი ხიდისთავის სკოლის ყოფილი დირექტორი, ერთ-ერთია იმ დირექტორთა შორის, რომლებსაც განათლების მინისტრის ბრძანებით უფლებამოსილების ვადა ამოეწურა და მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე უფლებამოსილება აღარ გაუგრძელდა. მის ნაცვლად კი სკოლაში ახალი კონკურსის გამართვამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად სხვა პირი დაინიშნა.

მიმოზა ღოლიჯაშვილის მსგავსად მიმდინარე წელს საქართველოს მასშტაბით 6-წლიანი უფლებამოსილების ვადა ასობით საჯარო სკოლის დირექტორს ამოეწურა. ნაწილს იმავე სკოლაში მოვალეობის შემსრულებლად საქმიანობის გაგრძელების უფლება მიეცა, ნაწილი კი განთავისუფლდა.

განთავისუფლებულთა შორის მოხვდნენ ისეთი დირექტორები, რომელთა საქმიანობაც გამორჩეული იყო სასკოლო სისტემაში. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული დირექტორი იყო მიმოზა ღოლიჯაშვილიც, ის  სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალისტიც იყო და მის სახელს ხიდისთავის სკოლაში განხორციელებული არაერთი წარმატებული პროექტი უკავშირდება.

მიმოზა ღოლიჯაშვილის თქმით, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში კანონით გათვალისწინებული 6-წლიანი საქმიანობის ვადა 40-მდე დირექტორს ამოეწურა. აქედან 34 დირექტორი სამინისტროს ბრძანებით ახალი კონკურსის გამართვამდე მოვალეობის შემსრულებლებად დაინიშნენ, ხოლო 6 ადამიანს, მისი ჩათვლით, არ მიეცა შესაძლებლობა, მოვალეობის შემსრულებლებად გაეგრძელებინა მუშაობა.

„თვისა და 3-დღიანი ლოდინის შემდეგ მოგვივიდა შაბლონური ჩვეულებრივი წერილი, სადაც გვითხრეს, რომ შეგვიძლია მომავალ კონკურსში მივიღოთ მონაწილეობა და გავაგრძელოთ პედაგოგიური მოღვაწეობა“, – განაცხადა მიმოზა ღოლიჯავშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

მისი თქმით, სამინისტროს ეს გადაწყვეტილება არაერთ კითხვას აჩენს, რადგან არაა ცხადი, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა უწყებამ როცა, ნაწილს მისცა მოვალეობის შემსრულებლად საქმიანობის გაგრძელების უფლება, ნაწილს კი შეუჩერა და მოვალეობის შემსრულებლებლად სკოლაში ახალი კონკურსის გამართვამდე სხვა პირები დანიშნეს.

„ბევრჯერ მითქვამს, რომ სკოლის დირექტორი არ არის მენეჯერი, ის პირველ რიგში საგანმანათლებლო ლიდერია. მისთვის სკოლაში კომფორტული, უსაფრთხო გარემოა მნიშვნელოვანი. სიტყვის თავისუფლებაა მნიშვნელოვანი და ზოგადად, თავისუფალი გარემოს შექმნა. მე, როგორც სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ჩემს მოსწავლეებს ვასწავლი სიმართლეს, დემოკრატიას, სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობას. საკუთარი და სხვისი უფლებების დაცვას. მე მეკითხებიან – რატომ, მიმი მას? რა ხდება? მიდიხართ? ყოველ ღამე ვიღებ უამრავ მესიჯს ბავშვებისგან. ახლა მე საკუთარ უფლებებს ვერ ვიცავ. ვერ ვიგებ სიმართლეს, ვერ ვიგებ არგუმენტს, რატომ არ გადამიყვანეს მოვალეობის შემსრულებლად.

სკოლის მშობლებმა, სამეურვეო საჭომ და პედაგოგიურმა კოლექტივმა გაგზავნა წერილი სამინისტროში და ითხოვენ პასუხს – რატომ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება?“ – ამბობს მიმოზა ღოლიჯაშვილი.

როგორ განმარტავს სამინისტრო სკოლის დირექტორთა გათავისუფლების გადაწყვეტილებას

6-წლიანი ვადის ამოწურვის გამო საქართველოს მასშტაბით რიგი სკოლების დირექტორს ახალი კონკურსის გამართვამდე უფლებამოსილება გაუგრძელდათ და მოვალეობის შემსრულებლებლად გადაინიშნნენ. ნაწილი კი გათავისუფლდა და მათ ნაცვლად მოვალეობის შემსრულებლად სხვა პირები დაინიშნენ.

სწორედ ამ შემთხვევებთან მიმართებით აქვს საზოგადოებას კითხვები და სამინისტროსგან განმარტებას ითხოვენ.

„პუბლიკა“ სამინისტროს კონკრეტულად მიმოზა ღოლიჯაშვილის გათავისუფლებაზე მიღებული გადაწყვეტილების გამო დაუკავშირდა და უწყებისგან მოითხოვა განმარტება – რატომ არ გადაინიშნა მიმოზა ღოლიჯაშვილი მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე და რა კრიტერიუმით ეთქვა მას უარი, გაეგრძელებინა სკოლის მართვა ახალი კონკურსის გამართვამდე?

სამინისტროსგან შაბლონური პასუხი მივიღეთ. პრესსამსახურის განმარტებით, ეს დირექტორი არაა ერთადერთი, ვის მიმართაც მსგავსი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და შესაბამისად, ყველა ასეთ შემთხვევაზე დასმულ შეკითხვას სამინისტრო ერთი და იმავე განმარტებით პასუხობს.

„საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ არჩეულ დირექტორებს 2020 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ეწურებათ შრომითი ხელშეკრულების 6-წლიანი ვადა.  აღნიშნული ინფორმაცია საჯარო სკოლის ყველა დირექტორისთვის კარგად არის ცნობილი.

სამინისტროს მხრიდან არ მომხდარა არცერთი დირექტორის გათავისუფლება.

ყველა მათგანს შესაძლებლობა აქვს, მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევ კონკურსში”, – ვკითხულობთ სამინისტროდან მიღებულ განმარტებაში.

ასეთივე სხვა გადაწყვეტილებების გამო განათლების სამინისტროდან ინფორმაცია რამდენიმე თვის წინაც გამოვითხოვეთ. იმ წერილშიც ვითხოვდით ინფორმაციას კრიტერიუმების შესახებ – ვის რატომ უგრძელებდნენ უფლებამოსილებას მოვალეობის შემსრულებლის რანგში და ზოგიერთის შემთვევაში რატომ იქნა მიღებული განსხვავებული გადაწყვეტილება.

სამინსიტროსგან მიღებული პასუხი შაბლონური იყო და ჩვენ მიერ საჯარო წესით გამოთხოვილ წერილში დასმულ შეკითხვებს მან არ უპასუხა.

კერძოდ, მან არ უპასუხა შემდეგ შეკითხვებს – სულ რამდენ დირექტორს შეუწყდა უფლებამოსილება 6-წლიანი ვადის ამოწურვის გამო და რომელ სკოლებში? სულ რამდენი დირექტორი გადავიდა მოვალეობის შემსრულებლად და რომელ სკოლებში?

გამოვითხოვეთ იმ სკოლების სიაც, რომელთა დირექტორებსაც ვადის ამოწურვის გამო შეუწყდათ ხელშეკრულება და არ გადანიშნულან მოვალეობის შემსრულებლებად. აქვე ვითხოვდით განმარტებას, დაინიშნა თუ არა ყველა ასეთ სკოლაში დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელი და რა წესით შეირჩნენ ეს ადამიანები.

აღნიშნულ კითხვებზე პასუხად სამინისტროსგან მივიღეთ წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეულ და მინისტრის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში დანიშნულ დირექტორებს 2020 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ეწურებათ შრომითი ხელშეკრულების 6-წლიანი ვადა. კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული დირექტორების უფლებამოსილების ვადის შეწყვეტა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით ხდება.

აქვე განმარტავენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო  სამინისტროს მიერ 2020 წლის მარტში დაანონსებული საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების ეტაპი არ განხორციელდა და ეპიდემიოლოგიური ვითარების გამოსწორებამდე გადაიდო.

„თუმცა, ზემოთ მითითებული საჯარო სკოლების დირექტორებისთვის არ ყოფილა სავალდებულო სერტფიფიცირების ეტაპზე მონაწილეობა, ვინაიდან ,,საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის N25/ნ ბრძანების მე-18 მუხლის თანახმად, დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატი ძალას კარგავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი 7 წლის განმავლობაში არ დაიწყებს დირექტორის საქმიანობის განხორციელებას.

შესაბამისად, ყველა მათგანს კუთვნილი სერტიფიკატის საფუძველზე შესაძლებლობა აქვს, კონკურსში მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე (საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა), რომელიც სერტიფიცირების ეტაპის დასრულების შემდეგ დაიწყება, ან საქმიანობა გააგრძელოს მასწავლებლის პოზიციაზე“, – ნათქვამია მიღებულ წერილში.