„თუ აღმოჩნდება, რომ მოტივაციისთვის ჩემი აცრა მნიშვნელოვანი იქნება, თუ გნებავთ, აქვე, ტრიბუნასთან გავიკეთებ აცრას“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა.
სერგეენკოს თქმით, პროტოკოლი მოქმედი სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციას ითვალისწინებს, თუმცა, პროცესში პოლიტიკური ფიგურების ჩართვა კამპანიური აქტივობისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
„პირველ დღეებში, რამდენიმე პოლიტიკურმა ფიგურამ აცრისგან თავი შეიკავა, რადგან ნაკადი ენახა – თუ მოთხოვნა იქნებოდა იმ ადამიანებისგან, ვისაც პირველ რიგში ეკუთვნოდა, მათ დაუთმობდა რიგს. რაღაც მხრივ, პოლიტიკურ ფიგურად ვითვლები, არა მაღალი რანგის, მაგრამ ვუყურებ, ჩემი რიგი ჯერ არ არის და თუ აღმოჩნდება, რომ ნაკადი დაბალი იქნება და მოტივაციისთვის ჩემი აცრა მნიშვნელოვანი იქნება, თუ გნებავთ, აქვე, ტრიბუნასთან გავიკეთებ აცრას“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
ამასთან, სერგეენკოს თქმით, ის არ ეთანხმება, რომ სამედიცინო პერსონალშიც აცრის მოტივაცია დაბალია.
„მოხდა სორტირება მაღალი რისკის სპეციალობის მიხედვით. თუ შაბათის მონაცემებით, 1500 ადამიანი იყო დარეგისტრირებული, გუშინდელის მდგომარეობით 5 ათასი იყო დარეგისტრირებული. ის, რომ სამედიცინო პერსონალშიც კი დაბალი მოტივაცია არის, ნამდვილად არ არის ასე. 50 ქვეყანა AstraZeneca-ით აგრძელებდა ვაქცინაციას, მხოლოდ 8 ქვეყანამ შეაჩერა დროებით, სანამ გაირკვეოდა თრომბოემბოლიური გართულებების ერთეული შემთხვევები კავშირში იყო ვაქცინაციასთან თუ არა. განცხადება გაკეთდა, რომ ასეთი კავშირი არ დადგინდა და უფრო მეტიც, ეს ვაქცინაციასთან კავშირში არ არის“, – განაცხადა სერგეენკომ.