მოვითხოვ, საზოგადოებას პასუხი გაეცეს დეტალური გამოძიებით - პრეზიდენტი ფარცხალაძეზე

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის საქმეზე საქართველოში გამოძიების ჩატარებას მოითხოვს.

„ერთ-ერთმა, მე მგონი, ბატონმა კახამ თქვა, რომ ყველაზე დიდი უბედურება ევროპაში ჩემი ვიზიტებია. არა, ბატონო კახა. ყველაზე დიდი უბედურება არის ის, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი ყოფილა „ეფესბეს“ თუ „კაგებეს“ თუ რა არის, ერთი და იგივე არის, აგენტი – ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და კიდევ უფრო უბედურება არის, როცა ამის შესახებ არ არის ისეთი ფორიაქი ყველა უწყებაში, რომელიც ამას უნდა იძიებდნენ და პასუხისმგებლობა მათზეა. მე მოვითხოვ, საზოგადოებას პასუხი გაეცეს დეტალურად, დეტალური გამოძიებით.

მოქალაქეობაზე იყო აქცენტი, ჩვენთან არ მოსულა არანაირი ინფორმაცია ან მოთხოვნა მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ. აქ ისრების გადატანა არ გამოვა. ბაზელში წასვლამდე შევხვდი აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს, რომ გამეგო, რა მონაცემები არსებობდა და მგონი, კარგი იქნება, რომ სწორედ იმ უწყებებმა, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ ყველაფერზე, დროულად გაგვცენ პასუხი. პასუხები, მონაცემები და მტკიცებულებები არსებობს. არავინ არ სთხოვს ამერიკას დღეს, რომ კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებები მოგვაწოდონ, მგონი, ყველაფერი ნათელია. გამოძიება აქ არის ჩასატარებელი, აქ არის ის ანგარიშები გასაჩერებელი და ყველაფერი გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქვეყანამ თავისი სახე და რეპუტაცია არ დაკარგოს. ქვეყანამ კი არა, ვინც პასუხისმგებელია ამაზე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


2023 წლის 14 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო აქტივების კონტროლის სახაზინო სამსახურის (OFAC) დეპარტამენტმა რუსეთთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა. მათ შორის არის საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე.

ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე საუბარია გამოქვეყნებული დოკუმენტის ქვეთავში „რუსეთის საზიანო გავლენა საქართველოში“.

აშშ-მა მიუთითა, რომ ოთარ ფარცხალაძე ქართველ-რუსი ოლიგარქია. OFAC-ის განცხადებით, FSB-ის ოფიცერმა, ალექსანდრ ონიშენკომ და თავად FSB-მ „გამოიყენეს ფარცხალაძე, რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე, რუსეთის საკეთილდღეოდ. სავარაუდოდ, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა თავისი კავშირით FSB-სთან“.