მოვითხოვთ ბათილი ბიულეტენების გადათვლას ოლქში და შემდეგ სასამართლოში – დეკანოიძე

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ქუთაისში ბათილი ბიულეტენების რაოდენობა აჭარბებს კანდიდატებს შორის სხვაობას.

მისი თქმით, მოითხოვენ ბიულეტენების გადათვლას ოლქში და შემდეგ სასამართლოში.

„ქუთაისის 124 უბნის შედეგების დათვლისას „ქართული ოცნების” კანდიდატმა ოპოზიციის კანდიდატს გაუსწრო 2222 ხმით, ამ უბნებზე საერთო ბათილი ბიულეტენების რაოდენობა იყო 2396, რაც გაცილებით მეტია ვიდრე სხვაობა კანდიდატებს შორის. ყველამ ვნახეთ, როგორი ბიულეტენები იყო ჩათვლილი „ოცნების” კანდიდატისთვის და როგორი ბიულეტენები გაბათილდა ოპოზიციისთვის, ამიტომ, მოვითხოვთ ყველა ბათილი ბიულეტენის გადათვლას ოლქში და შემდეგ სასამართლოში. ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ ვაჩვენოთ ეს მასშტაბები. 124 უბნიდან დისბალანსი იყო 20 უბანზე. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვითხოვოთ გადათვლა ამ უბნებზე”, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, მოითხოვენ ასევე კოვიდუბნების ბათილად ცნობასაც.

„კოვიდუბანზე დარეგისტირებული იყო 518 ადამიანი, აქედან მონაწილეობა მიიღო 441-მა და მხოლოდ 68 ხმა მიიღო ოპოზიციურმა კანდიდატმა, 356 – „ქართული ოცნების” კანდიდატმა. ასეთ უბანზე იყო დისბალანსი და მოვითხოვთ არა მხოლოდ გადათვლას, არამედ გაბათილებას იმიტომ, რომ ამხელა სხვაობა წარმოუდგენელია.

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ასევე უპირატესობა ჰქონდა „ქართული ოცნების” კანდიდატს, 155 რეგისტრირებული ადამიანიდან 123-მა მისცა ხმა „ქართულ ოცნებას”. აქ არავითარი კონტროლის ბერკეტი ოპოზიციას არ ჰქონდა, არ ვიცით, თუ რა ვითარებაში ჩატარდა ეს არჩევნები. გადასატან ყუთზე რეგისტრირებული იყო 3416 ადამიანი, რის გამოც დამკვირვებლებს ექმნებოდა პრობლემა, რომ ამ ადამიანებამდე მისულიყვნენ. გამოიკვეთა ძალიან ბევრი უბანი, სადაც რეალური მანიპულაცია და ზემოქმედება იყო იმდენად თვალსაჩინო, რომ ახდენდა გავლენას ადამიანების ნებაზე. ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ ამ უბნების გაუქმებას. იყო მოსყიდვის ფაქტები ჩამოწერილი და ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას“, – ამბობს ის.

 

LB loan image desktop LB loan image mobile