მოვითხოვთ, დაისაჯნონ დამკვეთები, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ მელია-დოლიძე-კუპრავა — საკრებულოს ოპოზიცია

პუბლიკა

„მოვითხოვთ, დაისაჯოს როგორც ამ დანაშაულის შემსრულებლები, ისევე დამკვეთები. ასევე მოვითხოვთ, ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძის და ზვიად კუპრავას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომლებიც სრულიად უკანონოდ არიან დაკავებულები”, – განაცხადა საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ.

საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღეს საკრებულოში ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა.

„გუშინ ჩვენ ყველა ერთად გავხდით უმძიმესი დანაშაულის მომსწრეები. გუშინ „ქართული ოცნების“ ტიტუშკების, პოლიციის, სუს-ის ნასედკების მონაწილეობით, ჩვენ ვნახეთ დანაშაულებრივი თავდასხმა ამ ადამიანების მონაწილეობით, რომლებმაც უმოწყალოდ სცემეს ჩვენი კოლეგა, საკრებულოს დეპუტატი – ირაკლი ეძგვერაძე.

გუშინ კიდევ ერთხელ დაინახა საზოგადოებამ, რომ რუსმა ოლიგარქმა, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ისეთი ოლიგარქიული, ავტოკრატიული რეჟიმი, სადაც მზად არიან მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანი გამოდის საკრებულოში და ითხოვს დაისაჯოს რუსეთის აგენტი „ეფესბეშნიკი“ ფარცხალაძე, რომელიც ითხოვს, რომ ამ ქვეყანაში არ იყოს რუსული მმართველობა, რუსული მთავრობა, ამის გამო მზად არიან სახლთან დახვდნენ 40-მდე სუს-ის აგენტი, სუს-ის ნასედკა, „ქართული ოცნების“ ტიტუშკა და გაუსწორდნენ ბავშვების, ქალების და მშობლების თვალწინ.

დიახ, რომ არა კახი კალაძე, რომ არა სუს-ი, რომ არა პოლიცია, ეს მხდალი ლაჩრები, არაადამიანები, ლაჩრები ვერ გაბედავდნენ უბრალოდ ამას”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.


რა მოხდა გლდანში?

22 სექტემბერს გლდანში თავს დაესხნენ ენმ-ის საკრებულოს წევრს ირაკლი ეძგვერაძესა და მის თანმხლებ 3 პირს. მომხდარის ორგანიზებაში ეძგვერაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატს, კოტე ზარნაძეს ადანაშაულებს და დაპირისპირებას საკრებულოს სხდომაზე მომხდარს უკავშირებს. ეძგვერაძის თქმითვე, მათ თავს 30-ზე მეტი ადამიანი დაესხა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

ამ ეპიზოდზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. შსს-მ მეორე დღეს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავა.

ეძგვერაძეზე თავდასხმის შემდეგ გლდანში მივიდნენ მისი თანაპარტიელები, ენმ-ს წევრები ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა. შსს-მ კი ისინი ადმინისტრაციული წესით დააკავა და იზოლატორში გადაიყვანა.

მოგვიანებით შსს-მ ასევე განაცხადა, რომ გამოძიება ასევე დაიწყო პოლიციელზე თავდასხმის მუხლით (სსკ-ის 353-ე პრიმა), ვინაიდან, „დაპირისპირების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ“.


თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ გრიგოლია გლდანში განვითარებულ პროცესებთან კონსტანტინე ზარნაძის კავშირს და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ საკრებულოს სხდომებზე სიტყვიერი შეხლა-შემოხლა ხშირად ხდება, თუმცა ამას გაგრძელება არასდროს მოჰყოლია.

ირაკლი ეძგვერაძე და მისი თანმხლები პირები ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან. ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა კი წინასწარი დაკავების იზოლატორში.