მოვითხოვთ გამოძიების დაწყებას საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე - ყვარლის ევროკლუბი

პუბლიკა

ყვარლის ევროკლუბი მოითხოვს გამოძიების დაწყებას ორგანიზაციის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე.

2023 წლის 15 იანვარს, ევროკლუბში დაგეგმილი ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია „ილია, ჩვენი ევროპელი მამა“ ჩაიშალა.

„ადგილზე კოორდინირებულად შეკრებილმა აგრესიულმა ჯგუფებმა გადაკეტეს ჩვენს სივრცემდე მოსასვლელი ყველა გზა და მოწვეული მომხსენებელი ადგილამდე არ მოუშვეს. ასევე, ისინი არ აძლევდნენ ლექციაზე დამსწრე მოქალაქეებს სივრცემდე მოსვლის შესაძლებლობას და მათთან სიტყვიერ დაპირისპირებაში შედიოდნენ. გზის ჩაკეტვის, სიტყვიერი შეურაცხყოფებისა და მუქარის ფონზე, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით დაგეგმილი ლექცია ჩაიშალა.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ორგანიზაციის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე. ჩვენი მხრივ მზად ვართ გამოძიებას მივაწოდოთ სრული ინფორმაცია მომხდარზე და ასევე გადავცეთ გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერებიდან ამოღებული ჩანაწერები, “- ამბობენ ყვარლის ევროკლუბში.

ლექციის ჩაშლის ფაქტზე დაიწყო თუ არა გამოძიება ამის შესახებ ასევე მიმართეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროს კოკა კაციტაძეს წერილით დეპუტატებმა თეონა აქუბარდიამ და ხათუნა სამნიძემ.


დღეს ძალადობრივი და პრორუსული „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერმა შოთა მარტინენკომ განაცხადა, რომ ყვარელში ლევან ბერძენიშვილს ლექცია მათი ორგანიზაციის წევრებმა არ ჩაატარებინეს.