ოპოზიცია: მოვუწოდებთ პაპუაშვილს, გახსნას პარლამენტის კარი ჟურნალისტებისთვის, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის

პუბლიკა

საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მოუწოდებს, მედიის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში შეუშვას.

რუსული კანონის განხილვისას ონლაინმედიის აკრედიტებულ ჟურნალისტებს პარლამენტში არ შეუშვებენ.

პარლამენტის მიერ ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს”.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც გამოსცა ბრძანება, რომ პარლამენტის შენობაში ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს, მაშინ როდესაც ქართული ოცნების უმრავლესობა აპირებს კომიტეტზე გამოიტანოს რუსული კანონი, არ უშვებენ სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით ეს ეხება ონლაინ მედიის წარმომადგენლებს, მედიის გარდა არ უშვებენ სხვადასხვა ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. ყველა ერთად მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ პაპუაშვილს, მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები, რომ მედიის წარმომადგენლები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შემოვიდნენ პარლამენტში”, – თქვა ხატია დეკანოიძემ.


პარლამენტი რუსული კანონის განხილვას დღეს იწყებს. ფრაქცია „ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.

მასთან ერთად განიხილავენ ორ ალტერნატიულ პროექტს – ერთია, „ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ” პროექტი და თანმდევი „სისხლის სამართლის კოდექსში” შესატანი ცვლილებები, ხოლო მეორე – „გრანტების შესახებ” კანონსა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ” კანონში მომზადებული ცვლილებები.