მოვითხოვთ რუსულ ოლიგარქიულ ბიზნესზე გაყიდული სტრატეგიული სექტორის ნაციონალიზაციას - „ხმა“

პუბლიკა

მოძრაობა „ხმა“ მოითხოვს რუსულ ოლიგარქიულ ბიზნესზე გაყიდული სტრატეგიული სექტორის ნაციონალიზაციას. მოძრაობა ასევე მოითხოვს პურის ფქვილის და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტების იმპორტისთვის რუსეთის ალტერნატიული წყაროების სასწრაფოდ მოძიებას.

„საქართველოც, მსგავსად უკრაინისა, ჩვენს რეგიონში მოქმედი პერიფერიული იმპერიის – პუტინის რუსეთის მუდმივი აგრესიის წინაშე დგას. რუსეთის ზემოქმედების ბერკეტები პოსტ-საბჭოთა სივრცეზე გულისხმობს როგორც პირდაპირ სამხედრო აგრესიას, ასევე ეკონომიკურ გავლენას, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების სტრატეგიული ეკონომიკური სექტორების ხელში ჩაგდებასა და ამ ქვეყნების რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულებას ნიშნავს.

ახლა, როდესაც უკრაინის ქალაქებს რუსული სამხედრო ტექნიკა უტევს, ეს ყველაფერი საქართველოსათვის არა მხოლოდ ეთიკური, არამედ უშუალოდ ეროვნული უსაფრთხოების საკითხიცაა“, – აცხადებს „ხმა“.

მოძრაობის განცხადებით, რუსული სახელმწიფო თუ მასთან დაახლოებული ოლიგარქების კერძო კომპანიები საქართველოში ფლობენ ენერგოსექტორის უმნიშვნელოვანეს ნაწილს, ბუნებრივი მინერალების საბადოებს, მინერალურ წყლებს, და სხვა საქართველოს მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რესურსებსა და აქტივებს. „ხმა“ აღნიშნავს, რომ საქართველოს ამჟამინდელი თუ წარსული ბიზნეს პოლიტიკური ელიტების უუნარობის შედეგია საქართველოს ეკონომიკის იმ სახის უგუნური კაპიტულაცია, რომ ხორბლის, ფქვილისა და სხვა აუცილებელი პროდუქტის იმპორტი მთლიანად რუსეთიდან ხორციელდება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ანტისახელმწიფოებრივი მდგომარეობა მრავალი ჩინოვნიკისა და ბიზნესმენისათვის მარტივად გასამდიდრებელი ქერის ორმოა, რომელიც ახლანდელი გეოპოლიტიკური კატასტროფის ფონზე, თითოეულ ჩვენგანს გაძვირებულ ცხოვრებადაც გვიჯდება.

„გარდა ეროვნული უსაფრთხოებისა, უკრაინის ომმა ჩვენი მახინჯი მოცემულობის ეთიკურ-მორალური მხარეც დაგვანახა. საქართველოს მოსახლეობა თავისდა უნებურად მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტისა თუ სერვისის ყოველდღიური მოხმარებით, ირიბად აფინანსებს იმ რაკეტებსა და ტყვიებს, რომელსაც პუტინის სამხედროები უკრაინის ქალაქებსა და მოსახლეობას ესვრიან“, – აცხადებს „ხმა“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ მოცემულობის ერთ-ერთი სავალალო შედეგი ისიცაა, რომ დღეს, როდესაც უკრაინა საერთაშორისო მხარდაჭერის მოლოდინშია, საქართველოს მხრიდან რუსეთზე რაიმე, თუნდაც სიმბოლური ეკონომიკური ბერკეტის ამოქმედება ფანტაზიის სფეროს განეკუთვნება.

„ახლა, ისე როგორც არასდროს, აუცილებელია დავიწყოთ მსჯელობა და მოქმედება რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შესამცირებლად. ვთვლით, რომ ერთადერთი სწორი გზა რუსული სახელმწიფო და მასთან დაახლოებული ოლიგარქების საკუთრებაში არსებული საქართველოს სტრატეგიული სექტორების ნაციონალიზაცია და სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტების იმპორტის ალტერნატიული წყაროების სასწრაფოდ მოძიებაა.

გარდა ამისა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის ფონზე უფრო რადიკალურად უნდა მოვითხოვოთ პოლიტიკური კლასისგან ის, რის გამოც ქართველი ხალხი ემხრობა ევროპულ ინტეგრაციას. ევროპული არჩევანი საქართველოსათვის ნიშნავს არა ტეტჩერისა და რეიგანის სიტყვების მოსმენას, რომელთა საფლავებსაც და პოლიტიკურ მემკვიდრეობასაც დიდი ხანია მიწა აყრია, არამედ ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს: ხელმისაწვდომობას სახლზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე, მონური პირობებით შრომისგან გათავისუფლებასა და სოციალურ-კულტურული განვითარებისათვის საჭირო სივრცეს“, – აცხადებს „ხმა“.

„პუბლიკამ“ „ხმის“ წევრს ჰკითხა, როგორ ესახება მოძრაობას რუსულ ოლიგარქიულ ბიზნესზე გაყიდული სტრატეგიული სექტორის ნაციონალიზაცია:

„მკაფიო არ არის, როგორ უნდა მოხდეს რუსეთის სახელმწიფო და მასთან დაკავშირებული ოლიგარქების საკუთრებაში არსებული სტრატეგიული ობიექტების ნაციონალიზაცია. მკაფიო არ არის იმიტომ, რომ ამაზე პასუხს არ იძლევა არც ჩვენი კანონები და არც ის ვიცით, ჩვენ მთავრობებს რა ხელშეკრულებები აქვს დადებული მათთან. არც ექსპროპრიაციის შესახებ ქართული კანონი იძლევა ერთმნიშვნელოვან გზას. მოკლედ, სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება საჭირო ჩვენს კანონებში, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, თუ ეს მოთხოვნა დიდ საზოგადოებრივ მხარდაჭერას მოიპოვებს.

ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ სახელმწიფოები იწყებენ რუსი ოლიგარქების ქონების დაყადაღებასა და ჩამორთმევას. ნაციონალიზაცია დააანონსა უკრაინამაც და რუსეთმაც“, – ამბობს ვაკო ნაცვლიშვილი „პუბლიკასთან“.