„მოვითხოვთ სამართალს მზია ამაღლობელისთვის" - Amnesty International-ის წერილი კაციტაძეს

პუბლიკა

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International ავრცელებს წერილს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, კოკა კაციტაძის სახელზე, სადაც ისინი მოითხოვენ სამართალს „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ.

წერილში აგრეთვე მოთხოვნილია, რომ დადგეს პასუხისმგებლობა ყველა იმ პოლიციელის, რომელთა წინააღმდეგ არსებობს ბრალდებები სავარაუდო არასათანადო მოპყრობის განხორციელების შესახებ. ასევე, აღნიშნულია, რომ იქამდე, სანამ ბრალდებები ამ პოლიციელებისადმი, მათ შორის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის წინააღმდეგ, საფუძვლიანად არ იქნება გამოძიებული, მათ უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეთ.

„გწერთ, რათა მოვითხოვოთ სამართალი პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელისთვის და პასუხისმგებლობის დაკისრება იმ პოლიციელებისადმი, რომლებმაც 11-12 იანვარს ბათუმში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ უკანონო ძალა გამოიყენეს, განსაკუთრებით, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისა და იმ პოლიციელებისადმი, ვისაც კავშირი აქვს დაკავებულების მიმართ წამებისა თუ სხვა არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებებთან.

როგორც თქვენთვის არის ცნობილი, მზია ამაღლობელს წარდგენილი აქვს ბრალი ირაკლი დგებუაძის წინააღმდეგ თითქოსდა ძალადობრივი ქმედების გამოყენების გამო და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ემუქრება პატიმრობა. ვიდეოს, სადაც ირაკლი დგებუაძის მიმართ სახეში გარტყმა ჩანს, ფონად გასდევს ბათუმის ქუჩებში საპოლიციო ძალების ძალადობრივი ქმედებები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და მანამდე, მზია ამაღლობელის აშკარად უსაფუძვლო დაკავება. ასევე, არსებობს ვიდეო ჩანაწერი, სადაც ირაკლი დგებუაძე აგინებს და შეურაცხყოფას აყენებს ჟურნალისტს და დაკავებული მშვიდობიანი დემონსტრანტების, მათ შორის მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მის მიერ ძალის გამოყენების ან სავარაუდო გამოყენების შესახებ არაერთი ჩვენება.

შეშფოთებული ვარ, რომ მზია ამაღლობელს შეეფარდა პატიმრობა სასამართლო სხდომაზე, სადაც მოსამართლემ სწრაფად დააკმაყოფილა მიმალვის, ხელახალი დანაშაულისა და გამოძიებაზე ზემოქმედების შესახებ ბრალდების მხარის პოზიცია. მზია ამაღლობელს უარი ეთქვა შესაბამის სამედიცინო გამოკვლევასა და მკურნალობაზე იმ დაზიანებების გამო, რომელიც მისი თქმით, დაკავების დროს პოლიციელებმა მიაყენებს. მის სასამართლო პროცესზე, რომელიც მალევე გაიმართა, მოსამართლემ არ ცნო დაცვის მხარის არცერთი არგუმენტი, ჯამში, დაახლოებით, 50 – დაიკითხა მხოლოდ სამი მოწმე და სასამართლომ უარი თქვა იმ პოლიციელების დაკითხვაზე, რომელთა ჩვენებებიც დართულია მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.

მეორე მხრივ, არსებული ვიდეო მტკიცებულებებისა და სერიოზული დანაშაულის არსებული ბრალდებების მიუხედავად, არც ირაკლი დგებუაძეს და არც სხვა პოლიციელებს არ შესჩერებიათ სამსახურებრივი უფლებამოსილება. მხოლოდ ფორმალურად დაიწყო გამოძიება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ და დღემდე არცერთი ბრალდებული, არცერთი დაზარალებული არ არის გამოვლენილი და არც საზოგადოებას მისწოდებია არანაირი ინფორმაცია გამოძიების პროგრესის შესახებ.

მოგიწოდებთ, უზრუნველყოთ, რომ ირაკლი დგებუაძესა და ყველა პოლიციელს, რომელიც უსაფუძვლო დაკავებებსა და მომიტინგეების წინააღმდეგ სავარაუდო არასათანადო მოპყრობაში მონაწილეობდა, დაუყოვნებლივ შეუჩერდებათ უფლებამოსილება იქამდე, სანამ ყველა ბრალდება მათ წინააღმდეგ დროულად, მიუკერძოებლად და ეფექტიანად არ იქნება გამოძიებული. მოვითხოვ მზია ამაღლობელისა და ყველა დემონსტრანტის უფლებების სრულ პატივისცემას, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების მხრივ“.

„ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელს მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.

13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.

15 იანვარს საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელთან რუსთავის ციხეში ვიზიტის შემდეგ ისაუბრა ირაკლი დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე.

ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ დგებუაძემ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა გარკვეული დროის განმავლობაში წყლის დალევის, ასევე, საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა.

მზია ამაღლობელი უსამართლობას 38 დღის განმავლობაში შიმშილობით აპროტესტებდა.