„მოვუსმინოთ ომბუდსმენს და მთავარ პროკურორს“ - ნაცვლიშვილმა ამნისტიის კანონპროექტის განხილვის გადადება მოითხოვა

პუბლიკა

ოპოზიციონერი დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი „ამნისტიის შესახებ” პროექტების განხილვის გადადებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნა ნაცვლიშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დააყენა, სადაც „ქართული ოცნების“ კანონპროექტს განიხილავენ.

ნაცვლიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის პროექტი ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულ კონვენციას არღვევს.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტში არ წერია, რომ ამნისტიის აქტი უნდა არღვევდეს ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას, კონსტიტუციას და ადამიანის უფლებების დაცვის ძირითად პრინციპებს.

„შემომაქვს საკითხი, გადაიდოს განხილვა, კომიტეტმა გამოიყენოს მის ხელთ არსებული, რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა შესაძლებლობა, რომ – პირველი: ამ საკითხის განხილვა მოხდეს სახალხო დამცველის მოსმენის შემდეგ და იმ ორგანიზაციების მოსმენის შემდეგ, რომელთაც აქვთ დოკუმენტირებული, რა მოხდა 20 ივნისს და სამართლებრივად შეუძლიათ, კარგად წარმოგვიდგინონ სურათი.

ასევე კარგი იქნება, მოვიდეს აქ მთავარი პროკურორი და ჩვენ ჩავჯდებით იმ ფორმატში, რის შესაძლებლობასაც გვაძლევს რეგლამენტი და შეკითხვები დავუსვათ მას.

როცა თქვენ საუბრობთ, რომ ფურცელი გადაიშალოს, ჯერ ფურცელი უნდა დაიწეროს. თქვენ აპირებთ ამნისტიის მიღებას ბნელ ოთახში, როდესაც არც კი ვეძიებით, რა მოხდა, ასე ამნისტიების მიღება ვერ მოხდება, არ ხდება. ეს არ არის საერთაშორისო პრაქტიკა და არც გონივრული მოქმედება“, – მიმართა ანა ნაცვლიშვილმა მმართველ გუნდს.

ნაცვლიშვილის განცხადებით, განხილვა უნდა გადაიდოს მანამდე, სანამ არ იქნება დასკვნა ამ პროექტის შესაბამისობაზე საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან ადამიანის უფლებების ჭრილში. მისი თქმით, ეს შეიძლება ეთხოვოს ვენეციის კომისიას ან ODHIR-ს ან გაეროს და განხილვაში უნდა ჩაერთონ 20 ივნისის დაზარალებულები.

„მანამდე ამ კანონპროექტზე მსჯელობა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის დადებითი დასკვნა ნიშნავს, რომ კომიტეტი თავის როლს და ფუნქციას აუქმებს“, – განაცხადა მან.

„დემაგოგიურია ეს განცხადხება“, – ასე უპასუხა ნაცვლიშვილის ინიციატივას მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, კომიტეტი განიხილავს ორივე პროექტს და დასკვნას დადებს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიცია „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტთან მიმართებაით იმის რევიზიას ახდენს, რასაც ხელი მოაწერა და ახლა პასუხისმგებლობის აღებისგან გაქცევას ცდილობს.

„თუ ვთანხმდებით, რომ კანონპროექტი არ უნდა მივიღოთ, კი ბატონო. მაშინ უნდა აღსრულდეს კანონი ნიკანორ მელიას მიმართ, რომელიც უმძიმეს დანაშაულში არის ბრალდებული. არ ვარ მომხრე, რომ ამნისტია მივიღოთ, მაგრამ ვარ შეთანხმების ერთგული. თუ თქვენ არღვევთ შეთანხმების ტექსტს, დააფიქსირეთ ღიად და პოლიტიკურად ყველას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება. საერთოდ არ ვარ წინააღმდეგი, რომ ამნისტიის აქტი არ მივიღოთ – ძალიან კარგად იცით, რომ ეს „ქართული ოცნების“ინიციატივა არ ყოფილა და საკითხი მოლაპარაკების მაგიდაზე „ქართულ ოცნებას“ არ დაუსვამს. ეს არის პოლიტიკური აქტი და არა ჰუმანური. ეს არა ვინმეს გამართლების აქტი, არამედ პატიების აქტია”, – აღნიშნა ოხანაშვილმა.


საქართველოს პარლამენტში წარდგენილია ამნისტიის ორი – ოპოზიციის და „ქართული ოცნების“ – კანონპროექტი.

ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანონპროექტში ნათქვამია, რომ პოლიციელთა მიმართ ამნისტია გამოიყენება მხოლოდ დაზარალებულის თანხმობის პირობებში. ამნისტიის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული პროექტის შინაარსი კი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან იმ პირების გათავისუფლებას, რომლებმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინეს დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით, უარს არ აცხადებენ მათ მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.