ამნისტია არ გავრცელდეს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, არც გახარიაზე - ბუჩუკური

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე, სადაც 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის კანონპროექტებს განიხილავენ, გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ გამოსავალი შესთავაზა – როგორ შედგეს კონსენსუსი, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი კეთილსინდისიერად შესრულდეს.

მისი განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს 20 ივნისის მოვლენების ამნისტირებას, არ არის იდეალური დოკუმენტი და სამწუხაროა, როცა ეს საკითხი გახდა პოლიტიკური შეთანხმების საგანი. თუმცა, მისივე თქმით, გახარიას გუნდმა მას ხელი მოაწერა, რადგან ეს შეთანხმება პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზა გახდა.

„რას ვხედავთ დღეს ჩვენ ამნისტიის საკითხზე – სამწუხაროდ, ვხედავთ იმას, რომ დღეს პარლამენტი განიხილავს 2 სხვადასხვა კანონპროექტს, რაც ბუნებრივია, ფაქტობრივად გამორიცხავს შარლ მიშელის დოკუმენტის კეთილსინდისიერად შესრულებას, თუკი მხარეებს შორის არ შედგა კონსენსუსი.

ჩვენი გუნდი გთავაზობთ, გამოსავალს, როგორ შეიძლება, რომ მივაღწიოთ კონსენსუსს. კონსენსუსი ხშირად მოითხოვს კომპრომისს მხარეებისგან.

საზოგადოებას მინდა ავუხსნა, რა ძირითადი სხვაობაა ოპოზიციისა და უმრავლესობის კანონპროექტებში. აქ არის იურიდიული ნიუანსური განსხვავება. მაგრამ ყურადღებას გავამახვილებ ორ ყველაზე მნიშვნელოვან სხვაობაზე: ოპოზიციის პროექტით, ამნისტია არ ვრცელდება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებზე და მეორე ძირითადი განმასხვავებელი არის ის, რომ იმისთვის, რომ ამნისტია გავრცელდეს პოლიციელებზე, აუცილებელია დაზარალებულის ნოტარიული წესით დამოწმებული თანხმობა.

ჩვენი გუნდის შემოთავაზება, იმისთვის, რომ შედგეს კონსენსუსი, გახლავთ შემდეგი: უმრავლესობამ გაიზიაროს ოპოზიციის შემოთავაზება და ამნისტია არ გავრცელდეს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებზე. ამის სანაცვლოდ ოპოზიციამ გაიზიაროს მეორე ნაწილი და ამნისტია ყოველგვარი წინაპირობების გარეშე გავრცელდეს რიგით პოლიციელებზე, იმისთვის, რომ მათზე არ მოხდეს ჯოხის გადატეხვა“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ანა ბუჩუკურს კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხელ სარჯველაძემ ჰკითხა, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებზე ამნისტიის არგავრცელება ითვალისწინებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიასაც.

„მოდით, ასე ვთქვათ: პირველ რიგში, არ უნდა გავრცელდეს გიორგი გახარიაზე, იმიტომ, რომ  მას ეს ამნისტია არ სჭირდება, დანარჩენი მხარეებს შორის შეთანხმების საგანია“, – განმარტა ბუჩუკურმა.

მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ „ამნისტია არის ინდივიდუალურად განუსაზღვრელი“, განსხვავებით შეწყალებისგან, რომელიც ინდივიდუალურად განსაზღვრულია. მისი თქმით, კანონში მათი „ფოტოსურათების ჩაკვრა“, ვისზეც უნდა გავრცელდეს ამნისტია, არ შეიძლება.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ არის საუბარი, ამნისტია არ გავრცელდეს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებზე. რაც შეეხება ნიკა მელიას, მას საპატიმრო უკვე დატოვებული აქვს“, – განაცხადა ბუჩუკურმა.


საქართველოს პარლამენტში წარდგენილია ამნისტიის ორი – ოპოზიციის და „ქართული ოცნების“ – კანონპროექტი.

ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანონპროექტში ნათქვამია, რომ პოლიციელთა მიმართ ამნისტია გამოიყენება მხოლოდ დაზარალებულის თანხმობის პირობებში. ამნისტიის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული პროექტის შინაარსი კი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან იმ პირების გათავისუფლებას, რომლებმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინეს დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით, უარს არ აცხადებენ მათ მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.