მოვუწოდებ ევროპელ კოლეგებს, სამიტზე ღარიბაშვილთან განიხილონ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი - ტუსკი

პუბლიკა

ევროკავშირის საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი და პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს ირაკლი ღარიბაშვილთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი განიხილონ.

„დღეს, როცა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ტარდება, მე მოვუწოდებ ევროპელ კოლეგებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან განიხილონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, საქართველოს მესამე პრეზიდენტისა, რომელმაც წამოიწყო ევროკავშირთან ასოცირებაზე მოლაპარაკებები“, – წერს დონალდ ტუსკი Twitter-ზე.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი დღეს ბრიუსელში ტარდება. სამიტზე მიწვეულია ხუთი ქვეყანა: საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი და აზერბაიჯანი. სამიტს წელს ვერ დაესწრება ბელარუსის ხელისუფლება, რომელთანაც გასული წლის არჩევნებისა და საპროტესტო გამოსვლების ჩახშობის შემდეგ ევროკავშირმა ურთიერთობა გაყინა.

საქართველოდან სამტზ გაემგზავრა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სამიტის გარდა შეხვედრები გამართა NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან.