მოვუწოდებ ISFED-ს, ჩაასწოროს განცხადება მანდატების განაწილების ნაწილში - „ქართული ოცნების" დეპუტატი

პუბლიკა

ჩვენი ოპონენტების საბოლოო მათემატიკური კრახი”, – ამ შესავლით აქვეყნებს „ქართული ოცნების” დეპუტატი შალვა პაპუაშვილი facebook-პოსტს და ISFED-ის  პარალელური დათვლის შედეგებში ცდომილების შესახებ განცხადებას ეხმაურება.

ის ასევე მოუწოდებს ორგანიზაციას, რომ ჩაასწოროს მანდატებთან დაკავშირებით გუშინდელი განცხადების ნაწილი.

„აქვე, რახან სიმართლეს იკვლევენ, მოვუწოდებ ISFED-ს საკუთარი 11 დეკემბერის განცხადების ის ნაწილიც ჩაასწოროს, რომლის მიხედვითაც ეს ჩასწორება გავლენას არ ახდენს მანდატების გადანაწილებაზე. რა თქმა უნდა, ახდენს. 4 მანდატით ნაკლებს ვიღებდით ძველი მონაცემით. გახსოვდეს, ზედა ჩამკეტი…

აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებაში ISFED-მა მიუთითა, რომ „პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე“, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ზედა ჩამკეტი სისტემის არსებობის გამო, პარალელური დათვლის პირველადი მონაცემებით „ქართული ოცნება” იღებდა 4 მანდატით ნაკლებს, ვიდრე პარალელური დათვლის ჩასწორებული შედეგით”, – წერს პაპუაშვილი.

მისი განცხადება სრულად ნახეთ ბმულზე.


„სამართლიანი არჩევნებმა” 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) პირველადი, შიდა აუდიტი შედეგები გამოაქვეყნა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.