მოვუწოდებ პრეზიდენტს, აიღოს პასუხისმგებლობა და ნიკა გვარამია გაათავისუფლოს - დეკანოიძე

პუბლიკა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ორ ეპიზოდში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ კვლავ თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, ნიკა გვარამია შეიწყალოს და ასე გადადგას ნაბიჯი საქართველოს ევროპული ინტეგრაციისკენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ნიკას დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, მინდა, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ღიად მოვუწოდო, საკუთარი პასუხისმგებლობა აიღოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, რა თქმა უნდა, მიმართვის შემთხვევაში და ამას ჩვენ მოვიფიქრებთ… იმიტომ, რომ ეს არის პარტნიორებთან ძალიან სერიოზულად განსახილველი საკითხი. შეასრულოს, აიღოს საკუთარი პასუხისმგებლობა და ნიკა გვარამია გაათავისუფლოს, რადგან ეს არ ეხება მის მხოლოდ პოლიტიკურ შეხედულებებს, ეს ეხება საქართველოს ევროპულ მომავალს, ევროპულ ინტეგრაციას“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, როდესაც პრეზიდენტი მოუწოდებს პოლიტიკურ სუბიექტებს პასუხისმგებლობის აღებისკენ, „ახლა დროა, მან საკუთარი პასუხისმგებლობა გაითავისოს, აიღოს, გამოიყენოს შეწყალების მექანიზმი და ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის გადადგას ეს ნაბიჯი, ეს არის მნიშვნელოვანი საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის, ნიკა გვარამიას თავისუფლება, რომელიც პირდაპირ არის ჩაწერილი რეზოლუციაში, უნდა შესრულდეს“.


სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას იქ მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და საზოგადოების სხვა წევრების პროტესტი მოჰყვა. სხდომის დასრულების შემდეგ მათ გედევან ფოფხაძემ მიმართა და აღნიშნა, რომ სასამართლოს ეზოც და რუსთაველიც უნდა გახდეს პროტესტის ადგილი.