კომპანია „ენკა” „ნამახვანჰესთან“დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მათი შეფასებით, კომპანიის კერძო ტერიტორიაზე ძალისმიერი შეჭრა და საქმიანობის შეზღუდვა პროვოკაციული ქმედებაა და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
„კომპანია „ენკა რინიუებლზ“ კიდევ ერთხელ ეხმიანება გუმათის ხეობაში მიმდინარე პროცესებს და აცხადებს, რომ პროექტის დაწყების დღიდან ყველა თავის მოქმედებას ახორციელებს კანონისა და არსებული ნებართვების ფარგლებში, რაც დასტურდება შესაბამის უწყებებთან წარდგენილი საჭირო დოკუმენტაციით. კომპანიის ნებისმიერი აქტივობა მუდმივი მონიტორინგის ქვეშ ხორციელდება, როგორც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე შიდა მონიტორინგის სამსახურების მიერ, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების გათვალისწინებით.
ჩვენ შეშფოთებას იწვევს, რომ ნამახვჰესის პროექტში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ თავის მოვალეობას, მუდმივად არიან ძალადობისა და თავდასხმის რისკის ქვეშ. იყო მათი სიტყვიერი თუ ფიზიკურ შეურაცხყოფის არაერთი ფაქტი. ნამახვანჰესის წინააღმდეგ ე.წ. მშვიდობიანი აქცია ძალადობრივ ნიშნებს იძენს. კომპანია „ენკას“ აღებული აქვს პასუხისმგებლობა დაიცვას თითოეული თანამშრომელი ნებისმიერი სახის საფრთხისა და პროვოკაციისგან. პროტესტის მონაწილე აქტივისტების მიერ გზების გადაკეტვა და კომპანიისათვის მოსამაზადებელი სამუშაოებისთვის ხელის შეშლა სცილდება პროტესტის გამოხატვის მშვიდობიან ფორმას. კომპანიის კერძო ტერიტორიაზე ძალისმიერი შეჭრა და საქმიანობის შეზღუდვა პროვოკაციული ქმედებაა და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რის შესახებაც სრული ინფორმაცია მივაწვდით ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოვითხოვთ სათანადო რეაგირებას. ჩვენი შეფასებით, აქტივისტების მიზანია ხალხი დააპირისპირონ ერთმანეთს, პოლიციას და ამით შექმნან დაძაბულობის მუდმივი კერა.
ასევე, ხშირია არასწორი ინფორმაციის გავრცელება პროექტის მიმდინარეობის შესახებ. დღესაც, ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელდა ტყუილი, თითქოს, დაწყებულია კაშხლის მშენებლობა.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, კაშხლის მშენებლობა შეჩერებულია მთავრობის მიერ გამოცხადებული მორატორიუმის ფარგლებში. ადგილზე მიმდინარეობს მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები არსებული ნებართვების ფარგლებში, რაც გულისხმობს მხოლოდ სადერევაციო გვირაბის მშენებლობას.
კომპანია „ენკა“ მოუწოდებს აქტივისტებს, შეწყვიტონ ძალისმიერი მოქმედებები, რათა თავიდან იყოს აცილებული ესკალაცია და დაპირისპირება.
კომპანია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მზად არის საქმიანი დიალოგისთვის ნებისმიერ კონსტრუქციულ ფორმატში, რათა კომუნიკაცია შედეგზე ორიენტირებული გახდეს.
მედია საშუალებების წარმომადგნელებს კი მიმართავთ თხოვნით არ გაავრცელონ დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს ვითარების დაძაბვას“,- აღნიშნულია კომპანია „ენკას“ განცხადებაში.