მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ შეუშალოს ხელი ჟურნალისტებს მუშაობაში - ქარტია

პუბლიკა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, არ შეუშალოს ხელი მედიის წარმომადგენლებს მუშაობაში და შეწყვიტოს მათზე სიტყვიერი თავდასხმები.

„მედიასაშუალებები მაქსიმალურად ცდილობენ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია შოვში ჩამოწოლილი მეწყრის შემდეგ დაკარგულ ადამიანებზე, სამძებრო სამუშაოებსა და ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილ თუ დაუგეგმავ აქტივობებზე.

ამის პარალელურად, ხელისუფლების წარმომადგენლები, მათთვის მიუღებელი და კრიტიკული კითხვების გამო, სიტყვიერად თავს ესხმიან მედიასაშუალებების წარმომადგენლებს. უფრო მეტიც, დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივი ხელისუფლებისა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა „მთის ამბების” ჟურნალისტებს, რომლებიც პირველი საათების განმავლობაში იყვნენ ინფორმაციის მთავარი წყარო და ამ დრომდე აქტიურად მუშაობენ ტერიტორიაზე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს კი წყალში გადაგდებით დაემუქრნენ.

საქართველოს ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ მედიის მოვალეობაა საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია და დასვას კრიტიკული კითხვები, ხოლო ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, უპასუხოს ამ კითხვებს, მით უფრო მაშინ, როდესაც საუბარია ამ მასშტაბის ტრაგედიაზე და საკითხის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი და ლეგიტიმური კითხვები, “- ნათქვამია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მწუხარებას გამოთქვამს შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და დაკარგულ პირებს ოჯახში ჯანმრთელად დაბრუნებას უსურვებს.


რაჭაში, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს დაახლოებით 4 საათისთვის სასტუმრო „სანსეტ შოვის” მიმდებარედ ჩამოწვა. ამ დროისთვის, დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მეწყერს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაახლოებით 25 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.  შოვში სამძებრო და სამაშველო ოპერაცია გრძელდება.