მოვუწოდებთ მთავრობას, მიიღოს დროებითი ზომები ინკასოს მოხსნაზე - კოალიცია

პუბლიკა

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას მიიღოს დროებითი ზომები და დაუყოვნებლივ მოეხსნას ინკასო ტელეკომპანიებს“, – კოალიცია „მედია ადვოკატირებისათვის“ „TV პირველის“ და „მთავარი არხის“ ანგარიშებზე ინკასოს დადებისთვის მთავრობას მიმართავს და მედიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. 

„2020 წლის 20 მარტს გავრცელდა ინფორმაცია ტელეკომპანიების „ტვ პირველის“ და „მთავარი არხის“ ანგარიშებზე საგადასახადო ინკასოს დადების შესახებ. მოგვიანებით, მთავრობამ ეს საკითხი რიგით გადაწყვეტილებად განმარტა.

ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ მაუწყებლების მიმართ შერჩევითი საგადასახადო პოლიტიკის წარმოება იყო და რჩება საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლების იარაღად მედიაზე ზეწოლისათვის“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

კოალიცია განცხადებაში აღნიშნავს, რომ COVID-19-თან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიღება, რაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობას აასმაგებს.

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას მიიღოს დროებითი ზომები და დაუყოვნებლივ მოეხსნას ინკასო ტელეკომპანიებს“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში. 


დღეს ტელეკომპანიებს „ტვ პირველსა“ და „მთავარ არხს“ ფინანსთა სამინისტრომ ინკასო დაადო.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის თქმით, ტელევიზიებს ინკასო ავტომატურად დაედო, ისე, როგორც სხვა კომპანიებს.

„ავტომატურად დაედო ნამდვილად, არც ცალკე ყოფილა გამოყოფილი რამე ბიზნესი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, შემოსავლების სამსახური იქნება თუ ფინანსთა სამინისტრო ვინმეს დისკრეციით არ ადებს ინკასო, ეს გვაქვს ავტომატურ რეჟიმზე“, – თქვა მაჭავარიანმა.

ინკასო არის იძულებითი სააღსრულებო წარმოება. მოვალის ქონების მოძიების მიზნით, აღმასრულებელი  საბანკო დაწესებულებას მიმართავს და იღებს მათგან ინფორმაციას მოვალის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშებისა და მასზე დარიცხული თანხების შესახებ. ამავე მიმართვით ხდება მოვალის ყველა ანგარიშის დაყადაღება.

LB loan image desktop LB loan image mobile