მოვუწოდებთ „პრაიდკვირეულის“ მოწინააღმდეგე ჯგუფებს, დაიცვან კანონი - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორებთან.

„მივიღებთ ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოფილ იქნას „თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, მართლწესრიგის დაცვა, აგრეთვე, კვირეულის ფარგლებში, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

ამასთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარკვეული ჯგუფები გეგმავენ აღნიშნული კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი დახურული ღონისძიებების ჩაშლას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს პრაიდ კვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში, სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით, გაეროს, „თბილისი პრაიდის,” ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით, კვირეულის უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, ბოლო პერიოდში არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.


26 ივნისს „თბილისი პრაიდმა“ დაგეგმილი კვირეულის შესახებ ბრიფინგი  გამართა. ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ წელს გააზრებულად უარი თქვეს კონსტიტუციით გარანტირებულ საჯარო შეკრებასა და მანიფესტაციაზე, თუმცა ამის მიუხედავად, პრორუსული და ძალადობრივი პარტია „ალტ-ინფო“ ღიად აცხადებს, რომ კვირეულს მაინც დაესხმება თავს და გაიმეორებს 5 ივლისს.