„თბილისი პრაიდი“: მოვითხოვთ მთავრობამ საჯაროდ განაცხადოს, რომ დაიცავს სამივე ღონისძიებას და მის მონაწილეებს

პუბლიკა

„თბილისი პრაიდმა“ დაგეგმილი კვირეულის შესახებ დღეს ბრიფინგი  გამართა. ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ წელს გააზრებულად უარი თქვეს კონსტიტუციით გარანტირებულ საჯარო შეკრებასა და მანიფესტაციაზე, თუმცა ამის მიუხედავად, პრორუსული და ძალადობრივი პარტია „ალტ-ინფო“ ღიად აცხადებს, რომ კვირეულს მაინც დაესხმება თავს და გაიმეორებს 5 ივლისს.

„თბილისი პრაიდი“ მთავრობას მოუწოდებს საჯაროდ და მკაფიოდ განაცხადოს, რომ დაიცავს თბილისი პრაიდის კვირეულის სამივე ღონისძიებას და მის თითოეული მონაწილის უსაფრთხოებას. ასევე, უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ღონისძიებების მიმდებარე ტერიტორიებზე და მთელ ქალაქში.

„გვინდა, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ 28 ივნისს ვხსნით პრაიდ კვირეულს. წელს, ძალიან შეგნებულად და გააზრებულად მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. საზოგადოების პოლარიზაციის და განსაკუთრებით, ევროკავშირში ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს პროცესში დაძაბულობის კერების თავიდან არიდების მიზნით, უარი ვთქვით კონსტიტუციით გარანტირებულ საჯარო შეკრებასა და მანიფესტაციაზე. არ ვატარებთ ღირსების მარშს. პრაიდ კვირეულის ყველა ღონისძიება დახურულ სივრცეში ტარდება, თუმცა ამის მიუხედავად, პრორუსული და ძალადობრივი პარტია „ალტ-ინფო“ ღიად აცხადებს, რომ კვირეულს მაინც დაესხმება თავს და გაიმეორებს 5 ივლისს.

ჩვენ ორი თვეა აქტიურ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვაწვდით სრულ და ზუსტ ინფორმაციას კვირეულის ღონისძიებებთან დაკავშირებულ დეტალებზე. ასევე, ძალოვან სტრუქტურებს ვაწვდით ფაქტებს გაჟღერებული მუქარების და ძალადობის ორგანიზების შესახებ. შსს-სთან შეხვედრები მიმდინარეობს საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და სახალხო დამცველის ოფისის მონაწილეობით. ხაზგასმით გვინდა ვთქვათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გვაძლევს სამივე ღონისძიების დაცვის გარანტიებს და როგორც მათ მიერ გაჟღერდა, ამ საკითხთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში თავადაც გააკეთებენ განცხადებას. ასევე, მუქარისა და ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდების ფაქტებზე დაწყებულია გამოძიება.

თუმცა გვაღელვებს ის ფაქტი და გვიჩენს სერიოზულ ეჭვებს და შიშებს, რომ მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, ბოლო დღეებში აქტიურად ჟღერდება თბილისი პრაიდისა და ლგბტ თემის დამაზიანებელი, მადისკრედიტებელი და ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილი ბრალს გვდებს ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში და ხელოვნურად ცდილობს ჩვენს დაკავშირებას პოლიტიკური პარტიების საქმიანობასთან. ხოლო, ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ ვერ ხედავს 5 ივლისის მოვლენების ორგანიზებაში ალტ-ინფოს ლიდერების ბრალს, რითაც ქმნის დაუსჯელობის სინდრომს და სტიმულს აძლევს წლევანდელ, იდენტურ მუქარებს.

მოვითხოვთ:
● მთავრობამ საჯაროდ და მკაფიოდ განაცხადოს, რომ დაიცავს თბილისი პრაიდის კვირეულის სამივე ღონისძიებას და მის თითოეული მონაწილის უსაფრთხოებას. ასევე, უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ღონისძიებების მიმდებარე ტერიტორიებზე და მთელ ქალაქში.
● დასაჯოს 5 ივლისის ორგანიზატორები, რომლებიც წელსაც ღიად აგრძელებენ ძალადობრივ საქმიანობას და საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ევროპულ მომავალს“, – აცხადებენ ორგანიზატორები.