მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი რეაგირება მოახდინოს მომხდარზე - ღარიბაშვილი

პუბლიკა

„სოფელ კირბალთან მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს და მეტყველებს ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, რომელთანაც გამკლავება საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, სამწუხაროდ, მშვიდობიან მოქალაქეებსაც უწევთ, “- ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ კირბალთან რუსი ოკუპანტების სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვას.

ის უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

„გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმძიმესი ფაქტი მოხდა – უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად მოკლულ იქნა საქართველოს მოქალაქე.

აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ყველა შესაბამისი მექანიზმი, ინფორმირებულები არიან საერთაშორისო პარტნიორები.

მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს მომხდარზე, ასევე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ითანამშრომლონ ყველა მხარესთან დამნაშავის გამოსავლენად და დასასჯელად”, – ამბობს პრემიერი.