მოვუწოდებთ საქართველოს, გამოავლინოს ერთგულება ევროინტეგრაციის მიმართ - ნედ პრაისი

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის თქმით, აშშ-ის უკვე გამოუთქვამს შეშფოთება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გამოთქმული კომენტარებისა და მთავრობის ზოგიერთი მოქმედებების გამო, რამაც დემოკრატიის უკუსვლა გამოიწვია. ნედ პრაისის თქმით, ისინი მოუწოდებენ საქართველოს, რომ გამოავლინოს ერთგულება ევროკავშირში გაწევრების მიმართ.

ჟურნალისტმა ნედ პრაისს ჰკითხა, რამდენად შემაშფოთებელია საქართველოს დაბრუნება რუსული ორბიტისკენ, მმართველი პარტიის წევრებისგან თავდასხმა აშშ-ის ელჩზე, რომლის დაცვაც კი მოუწია სახელმწიფო დეპარტამენტს და კომენტარების იმის შესახებ, რომ აშშ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს.

ნედ პრაისმა საპასუხოდ განაცხადა, რომ მთავრობის ზოგიერთმა მოქმედებამ გააღრმავა პოლარიზაცია და გამოიწვია უკუსვლა, რის გამოც სახელმწიფო დეპარტამენტს უკვე გამოუთქვამს შეშფოთება, თუმცა ერთგული რჩება, იმუშაოს საქართველოსთან რეფორმების გასატარებლად.

„გამოვთქვით შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების გარკვეული მოქმედებების გამო. მათ შორის, ხელისუფლების იმ მოქმედებების გამო, რაც გამოიხატა მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების ჩავარდნითა და უკან გადადგმული ნაბიჯებით, რამაც გამოიწვია უკუსვლა.

მათ დაიწყეს უკუსვლა ქართველი ხალხის უმრავლესობის მკაფიო მისწრაფებებთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს ევროკავშირში გაწევრებასა და უფრო ფართო ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

ამ მოქმედებებმა, რომლის გამოც ჩვენ ვართ შეშფოთებულები, გააღრმავეს პოლარიზაცია ქართულ საზოგადოებაში, იმის ნაცვლად, რომ გაეერთიანებინათ ქვეყანა ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით არსებულ ძირითადი საკითხების გარშემო. პოლარიზაცია ისეთ ხარისხში ავიდა, რომ ის ვერ წაადგება ქვეყანას და მის უფრო ფართო პოლიტიკურ მისწრაფებებს.

ამ ყველაფრის თქმის შემდეგ, ჩვენ ერთგულად ვაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას, რათა განვახორციელოთ რეფორმები, რომლებიც საჭიროა მისი ევროატლანტიკური მიზნების მისაღწევად. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გამოავლინოს თავისი ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი, ამ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების გატარებით“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

ასევე, შეკითხვის – საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაცია ეწინააღმდეგება თუ არა იქ აშშ-ის ინტერესებს? –  საპასუხოდ ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ზოგიერთი ნაბიჯი და პოზიცია წინააღმდეგობაში მოდის თავად ქართველი ხალხის ინტერესებთან.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზოგიერთი მოქმედება, გამოთქმული პოზიცია ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს. ეს არის ის, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვაინტერესებს, როდესაც საქმე ეხება საქართველოსა და მის მიერ არჩეულ გზას, მის მიერ არჩეულ გზას ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ინტეგრაციის გაღრმავებისკენ.

ჩვენ გვინდა ვიხილოთ საქართველოს წინსვლა ამ გზაზე. ჩვენ მზად ვართ, ვიყოთ ქართველი ხალხის, ქართული საზოგადოების და საქართველოს მთავრობის პარტნიორები ამ გზაზე, რამდენადაც ამისკენ თავად ისწრაფვიან“, – განაცხადა ნედ პრაისმა.