მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერს, რომ ითანამშრომლოს ოპოზიციასთან - სტოლტენბერგი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერმა საქართველოსადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა, განაცხადა, რომ საქართველოსა და ალიანსს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გრძელდება და ღარიბაშვილს მიმართა, რომ გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები და ითანამშრომლოს ოპოზიციასთან პოლარიზაციის დასასრულებლად.

„ველოდებით, რომ პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი გააგრძელებს რეფორმების განხორციელებას. იმუშავებს ანგარიშვალდებულებასთან, სასამართლოს რეფორმასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

ასევე, მოვუწოდებთ მას, რომ ითანამშრომლოს ოპოზიციასთან, რათა შემცირდეს ქვეყანაში პოლარიზაცია. NATO ელის, რომ საქართველო მხარს დაუჭერს დემოკრატიულ რეფორმებს, რაც ტარდებოდა ბოლო წლების განმავლობაში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე.

ასევე, NATO-ს გენერალური მდივანი გამოეხმაურა რუსეთის ხელისუფლების განცხადებებს, რომელიც ალიანსისგან მოითხოვს, რომ შეწყვიტოს აღმოსავლეთით გაფართოება, უკან წაიღოს ბუქარესტის სამიტის ჩანაწერი საქართველოსა და უკრაინის მომავლ ინტეგრაციასთან დაკავშირებით და დოკუმენტურად ასახოს ეს.

სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის გადასაწყვეტი არაა, ვის აირჩევენ მოკავშირეებად საქართველო და უკრაინა.

„ნებისმიერი ესკალაცია გამოიწვევს მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს რუსეთისათვის. საქართველოსა და უკრაინას გააჩნიათ უფლება, რომ აირჩიონ მოკავშირეები და რუსეთს არ აქვს უფლება, უკარნახოს მათ ეს არჩევანი.

ჩვენ გვსურს განვაცხადოთ, რომ საქართველო მსოფლიო ისტორიის ნაწილია და ასეც დარჩება. ჩვენ ვაგრძელებთ ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას ჩვენი პარტნიორების მიმართ. ჩვენ შევეცდებით გავაძლიეროთ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები, გავაგრძელებთ ერთობლივ წვრთნებსა და ინფორმაციის მიმოცვლას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

(გამოყენებულია „რუსთავი 2-ის სინქრონული თარგმანი)