მოვუწოდებთ შსს-ს, დავითგარეჯში მომხდარი ფაქტი დროულად გამოიძიონ - კოალიცია „მედიის ადვოკატორებისთვის“

პუბლიკა

„დავითგარეჯში მომხდარი ფაქტი ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნებს მოიცავს“, –  ამის შესახებ განცხადებას კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ავრცელებს.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დროულად დაწყებას და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელისშეშლის აღკვეთისკენ მოუწოდებენ.

„დღეს, 2021 წლის 04 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია რომ დავითგარეჯში ივერი მელაშვილს და „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ისინი ადგილზე სიუჟეტის გადასაღებად იყვნენ. ჩვენი ინფორმაცით, ივერი მელაშვილს დაზიანება არ აქვს. თუმცა ნაცემია „მთავარი არხის“ ოპერატორი და დამტვრეულია მისი კამერა.  ამასთანავე ადგილობრივები მუშაობის საშუალებას არ აძლევენ „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს“, – ნათქვამია გავრცელებულ განხცადებაში.

შსს-ს დროულად გამოიძებისკენ მოუწოდებს „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც“.


საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) იურისტი, გვანცა წულუკიძე წერს, რომ დავითგარეჯში ივერი მელაშვილსა და „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს სასულიერო პირები დაესხნენ თავს.

„ივერი მელაშვილს, „მთავარი არხის“ ჟურნალისტს და ოპერატორს, დავით გარეჯში თავს დაესხნენ რწმენაში გაძლიერებული სასულიერო პირები. ფიზიკური ძალა გამოიყენეს ოპერატორის მიმართ და დაუმტვრიეს კამერა!” – წერს ის.

„პუბლიკა“ ორაგანიზაციის კიდევ ერთ იურისტს, ედუარდ მარიკაშვილს დაუკავშირდა. იურისტი ამბობს, რომ დავითგარეჯში სიუჟეტის მომზადებისას ივერი მელაშვილსა და „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მისივე თქმით, დაზუსტებით არ იცის, რა მოხდა, თუმცა შემთხვევის შესახებ ინფორმაციას გვიდასტურებს. იურისტი ამბობს, რომ, როგორც მას მიაწოდეს ინფორმაცია, სავარაუდოდ, სასულიერო პირების მხრიდან იყო შეურაცხყოფა.