მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, იპოვონ საჭირო კომპრომისი - ევროპარლამენტარები

პუბლიკა

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, თავშეკავება და მოწიფულობა, პატივი სცენ ამომრჩევლის დემოკრატიულ არჩევანს და იპოვონ საჭირო კომპრომისი, კერძოდ, ახალი დიალოგის გზით, რომლის ფასილიტატორები ერთობლივად არიან ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოთხი ევროპარლამენტარის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. თარგმანს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მას ხელს აწერენ – ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკკალისტერი, ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებელი სვენ მიკსერი, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.

მათი შეფასებით, კომპრომისი საჭიროა, რათა უზრუნველყოფილი იყოს პარლამენტის შეუფერეხებელი მუშაობა, რადგან ის არის დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუტი.

„საქართველოში შაბათს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომლის მიხედვითაც, დარჩენილი 17 მანდატი უნდა განაწილდეს მაჟორიტარული სისტემით. კიდევ ერთხელ გვინდა, მივულოცოთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის მნიშვნელოვან მოკავშირეს, რომელმაც ამ არჩევნების ორგანიზება გამოწვევებით აღსავსე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში შეძლო.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ეუთო/ოდირის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბელეისა და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის შეფასებას და ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის მიერ პირველი რაუნდის შედეგად გამოქვეყნებულ გამოხმაურებას. მეორე რაუნდის შემდეგ, ჩვენ ველოდებით ყველა საფუძვლიანი აპელაციისა და საჩივრის სამართლიან, გამჭვირვალე და დეტალურ განხილვას.როგორც მანამდე ვთქვით, ეს იყო გადამწყვეტი მომენტი, რათა შეგვეფასებინა საქართველოს მთავრობის და ყველა პოლიტიკური პარტიის ვალდებულება, დაუჭიროს მხარი დემოკრატიულ პროცესებს და კანონის უზენაესობას.

ჩვენ ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ ეს არჩევნები ჩატარდა გაუმჯობესებული საარჩვენო სისტემით, რამაც გზა გაუხსნა უფრო პლურალისტულ პარლამენტს. თუმცა, ჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ ოპოზიციის კანდიდატები არ იბრძოდნენ ადგილებისთვის მეორე ტურში. ჩვენ ვითხოვთ, დარჩენილი ხარვეზები იყოს აღმოფხვრილი ახალი საარჩევნო რეფორმის გზით, რომელიც გადაჭრის ეუთო/ოდირის დაყოვნებულ რეკომენდაციებს და ეს მოხდება პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტიის აქტიური ჩართულობით.

ევროპარლამენტი მზადაა დამატებითი მხარდაჭერისთვის, მათ შორის საპარლამენტო საარჩევნო დიალოგისა და საქართველოს პოლიტუკურ ძალებს შორის შუამავლობის გზით, რისი მიზანიც იქნება შემდეგი არჩევნებისთვის კანონდებლობის დახვეწა.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, თავშეკავება და მოწიფულობა, პატივი სცენ ამომრჩევლის დემოკრატიულ არჩევანს და იპოვონ საჭირო კომპრომისი, კერძოდ ახალი დიალოგის გზით, რომლის ფასილიტატორები ერთობლივად არიან ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები საქართველოში, რათა უზრუნველყოფილი იყოს პარლამენტის შეუფერეხებელი ფუნქციონირება, რადგან ის არის დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუტი. ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომლებიც პარლამენტში არიან წარმოდგენილნი, უნდა იმუშაონ კონსტრუქციულად და თან გაითვალისწინონ საქართველოს მიერ არჩეული ევროპული გზის უმთავრესი ინტერესი“, – ნათქვამია განცხადებაში.


ოპოზიციური პარტიები ქვეყანაში 31 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და მანდატებზე უარს აცხადებენ. მათი მოთხოვნაა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.