მქონდა საშუალება, გავმხდარიყავი ჰააგის სასამართლოს მოწმეთა დაცვის პროგრამის ფიგურანტი - თარგამაძე  

პუბლიკა

გივი თარგამაძე, რომელიც „ოცნების“ პარლამენტში თეა  წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პატიმრობაშია წერს, რომ ჰქონდა საშუალება, გამხდარიყო ჰააგის სასამართლოს მოწმეთა დაცვის პროგრამის ფიგურანტი. თარგამაძე ომის გამოძიებაზე ჰააგის სასამართლოს მოწმეა. მისი თქმით, საბოლოოდ პასუხად მიიღო, რომ მის დაცვას ვერ შეძლებდნენ საქართველოში, მაგრამ თუ ქვეყანას დატოვებდა მიიღებდა საცხოვრებელს, ზოგად ფინანსურ უზრუნველყოფას და სხვა.

„ბოლოს ქეისი გადაეცა შემფასებელ ჯგუფს. საბოლოოდ პასუხი იყო ასეთი – ჩვენ ვერ შევძლებთ თქვენს დაცვას საქართველოში, ამ ქვეყანასთან ჩვენი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მაგრამ თუ დატოვებთ ქვეყანას, თქვენ გახდებით ჰააგის სასამართლოს მოწმეთა დაცვის პროგრამის ფიგურანტი – მიიღებთ საცხოვრებელს, კომუნალურ გადახდებს, ზოგად ფინანსურ უზრუნველყოფას, სრულფასოვან სამედიცინო უფასო მომსახურებას, დახმარებას შვილების სწავლაში და მისნაირები. აღარ იქნებოდა საჭირო მუდმივად თანხის გროვება ოჯახის წევრებსა და მეგობრებში ჯერ გირაოს გადასახდელად, ახლა ჩემს აქ შესანახად, ოჯახის იქ და პარალელურად შვილების სწავლის გასაგრძელებლად – რაც ჩემი მთავარი პრიორიტეტია – სახსრების ძიება.

ბოდიში მოვუხადე ოჯახის წევრებს და ავუხსენი, რომ მსგავსი ნაბიჯი – სამშობლოს დატოვება, ბრძოლიდან გასვლა (რაც ამგვარ პროგრამაში მონაწილეობისას თავისთავად იგულისხმება) ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პრინციპებს და მე მას ვერ და არ გადავდგამ. ამ ბრძოლაში ჩემი ბოლომდე ყოფნა შეგნებული გადაწყვეტილებაა ადრეული ასაკიდან და ასეთი ქმედება უაზროს გახდის მთელს ჩემს ცხოვრებას, წარსულს და მომავალს. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში მე მქონდა საშუალება, დაუბრკოლებლად გავსულიყავი ქვეყნიდან, არ მქონდა აკრძალული საზღვრის კვეთა, ჩემს სტატუსში მყოფმა ყველა ბრალდებულმა მოახერხა დაუბრკოლებლად ქვეყნიდან გასვლა და უკან დაბრუნება, რაც მოწმობდა, რომ არც მე მექნებოდა გასვლის პრობლემა, მე ეს არ გავაკეთე“, – წერს თარგამაძე.

ის აღნიშნავს, რომ ამით არ აფასებს სხვების ქმედებას და რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა.

„ოჯახის წევრთა პასუხმა არა მხოლოდ გამახარა და შვება მომგვარა, მისით ვამაყობ. ცოლმაც და ორივე შვილმაც მითხრეს, რომ ძალზედ შიშობდნენ, მათი დაცვისა და უზრუნველყოფის ვალდებულებების წნეხის ქვეშ არ გადამედგა ასეთი ნაბიჯი, რაც მათთვის იქნებოდა, რბილად, რომ ვთქვათ გულდასაწყვეტი. ისინი მთლიანად იზიარებენ ჩემს გადაწყვეტილებას და ბოლომდე ჩემს გვერდით იდგებიან ბრძოლაში. მთხოვეს, ნაკლებად ვიდარდო მათზე და მეტად ვკონცენტრირდე ბრძოლაზე. ვამაყობ, რომ ოჯახში სრული ერთიანობა მაქვს ასეთ ფუნდამენტალურ საკითხზე. მე ვთვლი, ერთხელ თუ გაიქეცი, მთელი ცხოვრება უნდა ირბინო. ეს ჩემი ცხოვრება არ არის. ჩემგან ბევრი გაქცეულა, მე – არავისგან, არასოდეს. ასე იქნება ბოლომდე!“, – წერს გივი თარგამაძე.

გივი თარგამაძე 27 ივნისს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო გალუსტაშვილმა თარგამაძეს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ასევე, მას 2 წლით აეკრძალა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება.

თარგამაძე განაჩენის გამოცხადებას სახლში ელოდებოდა, შემდეგ კი ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში თავისი ფეხით მივიდა.