მქონდა საუბარი კოლეგებთან აშშ-ში, რომ შეუსაბამო ინფორმაცია ვრცელდება - დავითაშვილი ანაკლიის პორტზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, ჩინური კონსორციუმისგან, რომელსაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება სურს, მიიღეს განახლებული წინადადება. ის ამბობს, რომ ეს წინადადება უნდა შეფასდეს, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება.

დავითაშვილმა დღეს ასევე განაცხადა, რომ ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა ანაკლიის პროექტთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, ეს საკითხი სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობის კონტექსტის ნაწილია და ჩინურ ინვესტორზე აქცენტირება სპეკულაციაა.

„ვაზუსტებ, რომ არ არის არავინ შერჩეული, გამარჯვებული არ არის გამოვლენილი. ჩვენ უკვე ბოლო დედლაინი გვქონდა აპრილის ბოლოს, მივიღეთ განახლებული წინადადება, დაგვჭირდება ალბათ ერთი თვე იმისთვის, რომ გადავამუშაოთ ეს წინადადება და შევაფასოთ, რამდენად მისაღებია, და რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით [სახ.დეპში თუ თეთრ სახლში?] ყველგან ვისაუბრეთ, იმიტომ, რომ ანაკლიის პორტი ცალკე აღებული თემა არ არის, ანაკლიის პორტი არის შუა დერეფნის და სატრანსპორტო დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის ნაწილი და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო აქცენტია ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობებში. აქედან გამომდინარე, ანაკლია ამ კონტექსტის ნაწილია და არაფერი სხვა. ჩინური ფაქტორიც, ეს არის სპეკულაციის საგანი, იმიტომ, რომ ეს არის პროექტი, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო, ყოველთვის ხდება მასკომუნიკაცია ამასთან დაკავშირებით. ძალიან გულდასაწყვეტია და ამაზე მე მქონდა საუბარი კოლეგებთან ამერიკაში, რომ შეუსაბამო ინფორმაცია ვრცელდება. ჩემი მხრიდან იყო ეს გულდაწყვეტით აღნიშნული, რომ არ ხდება კორექტული ინფორმაციის კომუნიკაცია და საზოგადოება შედის შეცდომაში, იმიტომ, რომ ჩვენ ამ პროექტს ვავითარებთ სახელმწიფოს მონაწილეობით კი არა, სახელმწიფოს უმეტესი წილით – 51%-იანი წილით, აქედან გამომდინარე საქართველოს სახელმწიფო ამას უყურებს, როგორც კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და აქ სახელმწიფო ინტერესები არის გარანტირებული. ეს პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აქედან გამომდინარე, სპეკულაციები დამაზიანებელია პროექტისთვის, ზოგადად“, – თქვა დავითაშვილმა.

მისი განმარტებით, სახელმწიფოს ჰყავს აყვანილი საერთაშორისო კონსულტანტები, რადგან ბევრი სპეციფიკური დეტალია შესამოწმებელი, ისინი აფასებენ წინადადების შესაბამისობას, რასაც დრო სჭირდება:

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეიძლება ეს იყოს ერთი თვე ან რამდენიმე თვე. მაგრამ მაქსიმალურად ვჩქარობთ, რომ ოპერატიული გადაწყვეტილებები მივიღოთ, მათ შორის, სამომავლო მოწყობასთან დაკავშირებითაც, იმიტომ, რომ სამშენებლო სამუშაოები ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. იცით, რომ პორტის ვადებთან დაკავშირებით არ გვაქვს კითხვა, პირიქით, პორტი ძალიან სწრაფად იქნება ოპერირებადი, სრულფასოვნად შესრულებს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ფუნქციას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ასევე სამომავლო განვითარების მოწყობაც რომ ვიცოდეთ, თუმცა ამაზე სახელმწიფოს ძალიან კარგი წინადადებები აქვს დამუშავებული, ყველანაირი ალტერნატივისთვის მზად ვართ. იმის მიხედვით, როგორი იქნება წინადადება, ჩვენ გვეყოლება პარტნიორი“.