„მრავალმხრივ შეურაცხმყოფელი ვერსია“ - კობახიძე ბაჩიაშვილის პოლოლიკაშვილის კანდიდატურაში გაცვლის შესახებ

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მედიის შეკითხვების საპასუხოდ გამოეხმაურა ვერსიებს, რომელთა მიხედვითაც, გიორგი ბაჩიაშვილის გადმოცემის სანაცვლოდ საქართველომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობიდან ზურა პოლოლიკაშვილის კანდიდატურა გაიწვია.

კობახიძის განცხადებით, ეს ვერსიები „მრავალმხრივ შეურაცხმყოფელია“.

„ეს არის მრავალმხრივ შეურაცხმყოფელი ვერსია და არასწორია ასეთი ვერსიების გავრცელება. თუმცა, ჩვენ ვიცით, ასეთ ვერსიებს ვინ ავრცელებს და მათ არანაირი ზღვარი არ აქვთ, როცა საქმე ეხება სახელმწიფო ინტერესებს.

მე განვმარტე, რა იყო პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნის მიზეზი და ამას არაფერ სხვასთან არ ჰქონია შემხებლობა. მიზეზი იყო ის, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს, რა შუაშია აქ რამე სხვა დეტალი?“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, შესაძლოა, იცის მეტი, თუმცა განცხადების გავრცელება და შეკითხვებზე პასუხის გაცემა სუსის ვალდებულებაა.

„დეტალებთან დაკავშირებით სუსი თავად გაავრცელებს ინფორმაციას, ეს არის მათი ფუნქცია, მათი პასუხისმგებლობა.

„მე ზოგადად, შემიძლია, მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ ეს ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, სათანადოდ ჩატარდა.

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა, სამართლის აღსრულება, კანონის აღსრულება და კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

ბაჩიაშვილზე, მე შეიძლება, რაღაცაზე მეტი ვიცოდე, მაგრამ დეტალების გავრცელება სუსის ფუნქციაა. ვერცერთ დეტალზე ვერ გაგცემთ პასუხს, შეიძლება, რაღაც ვიცოდე, რაღაც არ ვიცოდე. სუსი არის ადრესატი“, – განაცხადა კობახიძემ.

27 მაისს დილას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს.

სუსის განცხადებით, მათთვის ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ ბაჩიაშვილი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა, რის შემდეგაც  ის დააკავეს.