მრევლი გადაწყვეტს ამ დაავადების ბედს საქართველოში - ცერცვაძე

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის,  თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი მრევლის ხელშია.

„ამ ეტაპზე გვჭირდება, რომ შემოვიდეს ნაკლები პაციენტი, რაც ჩვენზე არაა დამოკიდებული და დამოკიდებულია იმ პიროვნებებზე, რომლებსაც ახლა ვუსმენდით ბრიფინგზე, პირველ რიგში საზოგადოებაზე და უახლოეს სამი დღის მანძილზე – მრევლზე. მრევლი გადაწყვეტს ამ დაავადების ბედს საქართველოში. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ მრევლის ხელშია ეპიდემიის განვითარების სცენარი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ეპიდემიოლოგები და ინფექციონისტები მრევლს მოუწოდებენ, არ მივიდნენ სააღდგომო ლიტურგიაზე. არაერთი მოწოდება გაკეთდა პაატა იმნაძის და ამირან გამყრელიძის მხრიდან. საპატრიარქო ზიარების წესს არ ცვლის და მრევლს აღდგომის ღამეს წესების დაცვისკენ მოუწოდებს. ასევე, მოუწოდებს დაიცვან დისტანცია 2-მეტრიანი და არ დაარღვიონ კომენდანტის საათით განსაზღვრული წესები – მივიდნენ 9-მდე ტაძარში და დატოვონ ის 6 საათის შემდეგ, ლიტურგიის დასრულების შემდეგ.