მსახიობ ანა ტყებუჩავას ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილება 18 თებერვალს გამოცხადდება

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ დაასრულა მსახიობ ანა ტყებუჩავას ადმინისტრაციული საქმის განხილვა, თუმცა გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო.

მსახიობს შსს 9 იანვარს რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება. შსს-ს წარმომადგენლის თქმით, 112-ის სამეთვალყურეო კამერების გამოკვლევამ აჩვენა, რომ აქციაზე გზის გადასაკეტად ხალხის საკმარისი რაოდენობა არ იყო. მისივე თქმით, კადრებში ჩანს ანა ტყებუჩავა გზის სავალ ნაწილზე.

დაცვის მხარე არ ეთანხმება სამართალდარღვევათა ოქმს და სადავოდ ხდიდა მტკიცებულებებს.

ადვოკატ თეო ზაქარაშვილის პოზიციით, წარმოდგენილი არაა ვიდეოჩანაწერების კანონიერად მოპოვების მტკიცებულებები, ამიტომ ეს ჩანაწერები დაუშვებელი უნდა იყოს.

მისივე თქმით, ოქმი არაა სრულყოფილი, რადგან მასში მითითებული არაა შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის ზუსტი დრო და ადგილი, მხოლოდ ზოგად მინიშნებას ეყრდნობა.

ადვოკატის პოზიციაა, რომ საქმე უნდა შეწყდეს, ხოლო თუ არ შეწყდება, სასამართლომ ისარგებლოს ადმინისტრაციული კოდექსის 22-ე მუხლით, რაც მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას გულისხმობს.

„საქმეზე წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ გადაკეტვის მომენტში ქალბატონი ანა არ იმყოფებოდა რუსთაველზე, ხოლო მას შემდეგ, რაც გამზირი გადაიკეტა, ქალბატონი ანა, ისევე როგორც აქციის სხვა მონაწილეები, გადაკეტილ რუსთაველზე აპროტესტებდა.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს შეკრებისა და მანიფესტაციის კანონი იმდაგვარად შეიცვალა, რომ შინაარსგამოცლილი დარჩა და თითქოს აღარ გვაქვს შანსი, გავაპროტესტოთ, მე ვფიქრობ, ქალბატონო ნინო, ერთადერთი შანსი ამ საქმეებზეა დარჩენილი 22-ე მუხლის გამოყენების, წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე 6 თებერვლის შემდეგ ისე შეიცვალა, რომ სასამართლოს ეს შესაძლებლობაც აღარ ექნება 22-ე მუხლით შეაფასოს და მცირემნისვნელოვან დარღვევად მიიჩნიოს მსგავსი ხასიათის თუ საერთოდ სამართალდარღვევაა.

რაც შეეხება თვითონ მუხლს, საინტერესოა, რომ საქართველოს 1984 წლის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს, 1988 წელს ჩნდება აღნიშნული მუხლი, ეს ემთხვევა საბჭოთა კავშირისგან საქართველოს გათავისუფლების პირველ მცდელობას, როდესაც ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ და ე.წ. მიტინგები დაიწყეს. ამ დროის და შინაარსის მუხლი გვაქვს დღეს და 6 თებერვლის ცვლილებებით, ამ შინაარსის საბჭოთა მუხლი იმდაგვარად შეცვალა ე.წ. ხელისუფლებამ, მისი სიმკაცრე 60 დღემდე პატიმრობას გულისხმობს, ძალიან მსუსხავი ეფექტია და იმედი მაქვს, ამ საქმეებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სწორად შეაფასებს.

მიუხედავად იმისა, რომ ვიცნობთ თბილისის საქალაქო სასამართლო პრაქტიკას მსგავს საქმეებზე, ქალბატონ ანას, ისევე როგორც მე, იმედი გვაქვს, ამ შემთხვევაში ვნახავთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტით განხილულ საქმეს.

მიგვაჩნია, რომ უნდა შეწყდეს საქმისწარმოება. თუ არ შეწყდება, იქნებ ბოლოჯერ ისარგებლოთ 22-ე მუხლით“, – განაცხადა ადვოკატმა.

საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება 18 თებერვალს, 17:10-ზე გადაიდო. მოსამართლე ნინო ენუქიძე ამავე დღეს, 17:00-ზე გამოაცხადებს მსახიობ ბაჩო ქაჯაიას საქმეზე გადაწყვეტილებას.

ბაჩო ქაჯაია და ანა ტყებუჩავა 9 იანვარს საპროტესტო აქციაზე ერთად მივიდნენ, თუმცა შსს-მ მათი სამართალდარღვევის ოქმები ცალ-ცალკე შეადგინა და სასამართლომ საქმეები ცალ-ცალკე განიხილა.

ანა ტყებუჩავა და ბაჩო ქაჯაია აცხადებენ, რომ როცა რუსთაველზე აქციაზე მივიდნენ, ნახეს, რომ გზა გადაკეტილი არ იყო, ამიტომ იქვე მდებარე კაფეში შევიდნენ. კაფედან გამოსვლის შემდეგ გზა უკვე გადაკეტილი იყო და ისინი შეუერთდნენ აქციას.

ორივე მსახიობი ამტკიცებს, რომ მათ კანონის დარღვევის განზრახვა არ ჰქონიათ და მოქმედებნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.