საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ილია მეორის მრევლისადმი მიმართვას ავრცელებს, სადაც საუბარია იმ რჩევებზე, რაც ადამიანებმა ეკლესიაში ყოფნისას უნდა გაითვალისწინონ.
მიმართვაში აღნიშნულია, რომ „მორწმუნეთათვის სულიერო საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები. ამიტომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს”.
„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მინდა, მოგმართოთ ჩვენო სულიერო შვილებო და გთხოვოთ, მიიღოთ შემდეგი რჩევა:
ვიდრე განსაცდელი გადაივლის, შეასრულოთ სათანადო მითითებები:
► ადამიანებთან ურთიერთობისას მათ შორის ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას დაიცავით დადგენილი მანძილი;
► საღმრთო ლიტურგიის (და სხვა საზოგადო მსახურებათა) შესრულებისას ეკლესიაში დარჩნენ სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები, ხოლო დიდ საკათედრო ტაძრებში – შეზღუდული რაოდენობით მრევლიც;
►საერთოდ, რეკომენდებულია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმინდა მსახურებაში;
►მცირე ზომის ტაძრებში დასაშვებია, წირვა-ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ დროებით მოწყობილ ტრაპეზზე;
► სასულიერო პირებსა და ტაძრის მსახურთ, კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით, მოეცემათ დამატებითი რჩევები;
►მორწმუნეთა ის ნაწილი, რომლებიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე ისინი, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვნების გამო, დარჩნენ სახლში. სურვილის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მათ თავისი მოძღვარი ადგილზე ჩაუტარებს საჭირო მომსხურებას და ლოცვით კანონსაც განუსაზღვრავს”, – ნათქვამია ილია მეორის მიმართვაში.