მშობიარე ქალის გარდაცვალების საქმეზე ორი ექიმი სასამართლომ დამნაშავედ ცნო - პროკურატურა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პაციენტის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტებზე ორი  ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს და წერს, რომ სასამართლომ სრულად გაითვალისწინა მათი მტკიცებულებები.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს, თბილისში, დედათა დახმარების სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილება „ნინო“-ს მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელმა, მიუხედავად იმისა, იცოდა რომ ერთ-ერთ ექიმს  შეჩერებული ჰქონდა „მეანობა-გინეკოლოგიაში“ სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, პაციენტი სამშობიაროდ და შემდგომი მეთვალყურეობისთვის მას გადააბარა, თავად კი პაციენტს უშუალო მეთვალყურეობა აღარ გაუწია.  მშობიარობის შემდგომ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, ლიცენზია-შეჩერებულმა ექიმმა ვერ შეძლო სწორი დიაგნოზის დასმა და სათანადო მკურნალობის ჩატარება, რის გამოც 2018 წლის 11 აგვისტოს პაციენტი გარდაიცვალა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელისთვის სასამართლომ სასჯელის ზომად 2 წელი და 6 თვე განსაზღვრა. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) აქვს წარდგენილი.

რაც შეეხება, ლიცენზიაშეჩერებულ ექიმს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 246-ე მუხლის მეორე ნაწილით (უკანონო საექიმო  საქმიანობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) აქვს წარდგენილი. სასამართლომ მისთვის სასჯელის ზომად 3 წელი და 6 თვე განსაზღვრა.