მშობლების თქმით, მერიის აუზზე ბავშვებმა ინტოქსიკაცია მიიღეს - კალაძე ამას მიზანმიმართულ სიცრუეს უწოდებს

პუბლიკა

„თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული საცურაო აუზ „იმედში” რამდენიმე ათეული ბავშვი მოიწამლა”, – ინფორმაციას ამის შესახებ ერთ-ერთი მწვრთნელი და მშობლები ავრცელებენ.

„50 ბავშვია მოწამლული და 2 მწვრთნელი… ვიდეოც არის გადაღებული, როდესაც ბავშვები აუზში არიან, ყრიან ქლორს…”, – ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

როგორც მედიასთან ერთ-ერთი მწვთნელი ნინო ქავზინაძე ამბობს, ამ აუზზე 8 წელია მუშაობს და მანამდე ასეთი პრობლემა არ ყოფილა, თუმცა ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ ამ კუთხით პრობლემები დაიწყო.

მისი თქმით, ეს მათი მოწამვლის პირველი შემთხვევა არაა და წინა ორ შემთხვევაზეც მოითხოვდა რეაგირებას. მისივე თქმით, გასულ პერიოდში 59 მშობლის ხელმოწერით მერიას ორჯერ მიმართა, ამ საკითხზე მისული იყო ასევე გამგეობაშიც.

„იქნებ მოეხედათ, თუმცა არავინ ყურადღება არ მოგვაქცია, სამწუხაროდ”, – ამბობს ის „მთავარ არხთან”.

„პირადად ჩემი ბავშვიც იყო მოწამლული. მყავდა პედიატრთან, გავუკეთე ანალიზები და დაუდგინდა, რომ ჰქონდა მსუბუქი ინტოქსიკაცია, გამოხატული – ძილიანობით, მუცლის ტკივილითა და გულისრევით”, – ამბობს ერთ-ერთი მშობელი მედიასთან.

მშობლები და მწვრთნელები ვითარების გამოსწორებასა და შესაბამისი პირების პასუხისიმგებლობის დაყენებას მოითხოვენ.

ამ დროისთვის საცურაო აუზზე გამოკრულია განცხადება, რომ ტექნიკური სამუშაოების გამო აუზით სარგებლობა შეჩერებულია და ფუნქციონირებას უახლოეს მომავალში გააგრძელებს.

სპორტულ ცენტრ „იმედის“ აუზთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას თბილისის მერი კახა კალაძე  სამარცხვინო და მიზანმიმართულ ტყუილს უწოდებს. მისივე თქმით, წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. როგორც მან აღნიშნა, პრობლემა არის იქ მომუშავე რამდენიმე თანამშრომელი, რომლებმაც გაავრცელეს მიზანმიმართული სიცრუე და შეეცადნენ ადამიანები შეცდომაში შეეყვანათ.

„მინდა, შევეხო ერთ არასასიამოვნო საკითხს. სამწუხაროდ, კონკრეტული მედიის მხრიდან ადგილი აქვს საცურაო აუზისა და ბავშვების თემით მანიპულირებას, სიცრუის პროპაგანდას. საქმე ეხება სპორტულ ცენტრ „იმედს“, სადაც გადაღებული ვიდეომასალა, სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გასულ კვირას გამოაქვეყნა. ამას მოყვა ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება, განცხადებების გავრცელება და ა.შ. მოქალაქის ინფორმაციით, თითქოს ვიდეოში ასახულია მოცურავე ბავშვებით სავსე საცურაო აუზი და ამ დროს აუზში წყლის ქიმიური დამუშავების პროცესი მიმდინარეობს, კერძოდ ქლორის დამატება, რის გამოც რამდენიმე დღის წინ ბავშვებმა და მწვრთნელებმა თითქოს მიიღეს სხეულის ინტოქსიკაცია.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და მორიგი სიცრუე. რეალურად, ვიდეო გადაღებულია ზაფხულის პერიოდში და ასახულია  პერსონალის მიერ აუზიდან წყლის სინჯის აღების პროცედურა, რომელიც ყოველდღიურად ხდება სწრაფი ტესტებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ინფორმაციის გავრცელებისთანავე, მყისიერად ჩატარდა აუზის წყლის ტესტირება, რომელმაც აჩვენა, რომ ქლორი და „პიეიჩის“ მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. ასევე სპორტული ცენტრის ადმინისტრაციის მოკვლევით ამ დღეების განმავლობაში არცერთი ბავშვი არ იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, რაც ინტოქსიკაციის შემთხვევაში უნდა მომხდარიყო.

„ამის მიუხედავად, ჩვენ ჩავატარეთ დამატებით კვლევები, გარდა იმისა, რომ ყოველდღიურად ხდება წყლის სინჯების აღება სწრაფი ტესტებით, დამატებითი ორი კომპლექსური კვლევა დავუკვეთეთ და პასუხებიც გვაქვს. შესაძლებელია, ეს ყველაფერი ვაჩვენოთ მედიას, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ნორმაშია. თუმცა პრობლემა არსებობს – პრობლემა არის იქ მომუშავე რადენიმე თანამშრომელი, რომლებმაც გაავრცელეს მიზანმიმართული სიცრუე და შეეცადნენ ადამიანები შეეყვანათ შეცდომაში. ჩვენი მხრიდან ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. არ მინდა, ვისაუბრო ამ თანამშრომლებზე, იმ რეალურ პრობლემაზე, რაც არის და რაც აქვს იმ კონკრეტულ და ყოფილ თანამშრომელს. არ მინდა, ამ პრობლემაზე საუბარი. თუმცა პრობლემა იქნება ამოწურული და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.