მშობლის თქმით, ბაღის აღმზრდელმა ბავშვზე იძალადა - დაწყებულია გამოძიება

პუბლიკა

თბილისის 128-ე ბაგა-ბაღის 3 წლამდე ბავშვის მშობელი ამბობს, რომ მის შვილს აღმზრდელი ფიზიკურად გაუსწორდა.

მშობელი „ფორმულასთან“ ჰყვება, რომ მის არასრულწლოვან შვილს საჭმლის მოთხოვნის გამო სცემეს. ბავშვს სახეზე დაზიანებები ჰქონდა.

„ფიზიკური ძალადობა იყო – შენჯღრევა და ხელის დარტყმა. დალურჯებული ბავშვი გამოვიყვანე ბაღიდან. შემდეგ მოვითხოვე კამერების ამონაწერი და ჩემი თვალით ვუყურე ძალადობის ფაქტს. ბავშვი უცხო პირებს როცა ხედავს, იმალება მშობლების უკან, სახეზე ხელს იფარებს, რომ არ გაარტყან”. – ამბობს ის.

ბაღის დირექტორი, მანანა ყავლაშვილი ამბობს, რომ შემთხვევა 23 აპრილს მოხდა. მისი თქმით, აღმზრდელი სამსახურიდან უკვე გათავისუფლებულია.

„საღამოს შემომივიდა ინფორმაცია. დილით დავიბარე პროგრამისტი, რადგან კამერები ჭედავდა. გამოვუძახე პოლიციას. ვაცნობე ბაღების სააგენტოსაც. აღმზრდელი გათავისუფლებულია. მის თანაშემწეს სასტიკი საყვედური გამოვუცხადე და ჯგუფიდან გამოვიყვანე, სამუშაო ადგილი შევუცვალე. გამოძიება დაწყებულია, ჩვენებაც მივეცი”. – თქვა ყავლაშვილმა „ფორმულასთან“ საუბრისას.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანზე ძალადობას გულისხმობს.