„მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს“ - მსოფლიო ლიდერები უკრაინაზე თავდასხმას აფასებენ

პუბლიკა

მას შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინისადმი ომის გამოცხადების შემდეგ საჰაერო იერიშთან ერთად სახმელეთო შეტევაც წამოიწყო, მსოფლიო ლიდერებმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს და რუსეთის ქმედებები დაგმეს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ გაერთანებული სამეფო გადაჭრით უპასუხებს რუსეთის „არაპროვოცირებულ თავდასხმას“ უკრაინაზე.

„აღშფოთებული ვარ უკრაინაში განვითარებული საზარელი მოვლენებით და შემდეგი ნაბიჯების თაობაზე მე ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის. პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინაზე ამ არაპროვოცირებული თავდასხმით, სისხლისღვრისა და ნგრევის გზა აირჩია. გაერთანებული სამეფო და მოკავშირეები გადამწყვეტად უპასუხებენ“, – აცხადებს ჯონსონი.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გმობს რუსეთის „არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ“ თავდასხმას უკრაინაზე და აღნიშნავს, რომ მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს. მისივე თქმით, აშშ და მოკავშირეები გეგმავენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ახალი რაუნდის ამოქმედებას.

„პრეზიდენტმა პუტინმა აირჩია წინასწარ განზრახული ომი, რომელიც ადამიანთა სიცოცხლის კატასტროფულ დანაკარგსა და ტანჯვას მოიტანს. მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი სიკვდილსა და ნგრევაზე, რომლებსაც ეს თავდასხმა მოიტანს და აშშ და მისი მოკავშირეები ამას ერთიან და გადამწყვეტ პასუხს გასცემენ. მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს“, – აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში.