მსოფლიომ უნდა აღიაროს რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხის გენოციდი - უკრაინის რადა

პუბლიკა

„მსოფლიომ უნდა აღიაროს რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხის გენოციდი“, – უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკის განცხადებას უკრაინის რადა ავრცელებს.

რადის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარემ სტეფანჩუკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ოფიციალური პოლიტიკა უკრაინელი ხალხის არსებობის უფლების არაღიარების შესახებ დასტურდება პუტინისა და რუსეთის სხვა ოფიციალური პირების არაერთი საჯარო განცხადებით, ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების შესაბამისი ქმედებებით.

„ყოველდღიური მასობრივი მკვლელობები, გატაცებები, პატიმრობა, წამება, ქალებისა და ბავშვების გაუპატიურება, მკვდრების დაცინვა, სიკვდილით დასჯა, დასახლებების ბლოკადა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, შიმშილის, როგორც ომის მეთოდის გამოყენება… უკრაინა მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, აღიაროს რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხის გენოციდი, ასევე კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, ომის დანაშაულები უკრაინაში“, – თქვა რუსლან სტეფანჩუკმა.

რადის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დარეგისტრირდა №7276  პროექტი „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში გენოციდის შესახებ“.