მსოფლიოში პირველად მამონტებისთვის დაგებული მახეები აღმოაჩინეს

პუბლიკა

მექსიკაში ადამიანის დაგებულ მახეებში მოხვედრილი სულ მცირე 14 მამონტის ჩონჩხი იპოვეს. როგორც BBC წერს, მახეები დაახლოებით 15 000 წლისაა.

მეცნიერების თქმით, ორი ორმო, რომელიც მექსიკის ჩრდილოეთით, ტულტეპეკში იპოვეს, მამონტისთვის ადამიანის დაგებული პირველი მახეებია, რომელიც აღმოაჩინეს.

აღმოჩენიდან, ჩანს, რომ, სავარაუდოდ, ძველი მონადირეები ორმოებში დაწყობილ ხის ბასრ ტოტებს იყენებდნენ სპილოს ზომის ცხოველებზე სანადიროდ.

ფოტო: AFP

მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, მექსიკის ჩრდილო ნაწილში შეიძლება უფრო მეტი მახეც აღმოაჩინონ.

აქამდე, არქეოლოგები ფიქრობდნენ, რომ ადამიანებს მამონტების მოკვლა მხოლოდ იმ დროს შეეძლოთ, თუკი ცხოველი დაშავებული იყო ან ბუნებრივ მახეში მოხვდებოდა. ახალი აღმოჩენა კი ამ ჰიპოთეზას ცვლის, როგორც ჩანს, მახეებს თავად პირველყოფილი ადამიანებიც აგებდნენ.

„ეს აღმოჩენა ძველ დროში ადამიანისა და მამონტის ურთიერთობაზე ჩვენს წარმოდგენებს მთლიანად შეცვლის“, – ამბობს ანთროპოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი დიეგო პრიეტო ჰერნანდესი.

აღმოჩენილი ორმოების სიღრმე 1.7, ხოლო დიამეტრი 25 მეტრია. არქეოლოგიური გათხრები ბოლო ათი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ფოტო: EPA