მსოფლიოში ვერავის არწმუნებენ, რომ მათ არ ჰყავთ პოლიტიკური პატიმარი - ნიკა მელია „ოცნებაზე“

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია, „ტელეკომპანია პირველს“ საპატიმროდან უგზავნის წერილს, სადაც აღნიშნავს, რომ  „ქართული ოცნება“ დილემის წინაშეა, რადგან მისი გათავისუფლების შემთხვევაში, „ოცნება“ დისკომფორტთან ერთად საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებასაც ერიდება.

„ივანიშვილი და მისი წარმომადგენლები დილემის წინაშე დგანან. პირველი: ფიქრობენ, თუ გამიშვეს, მოლაპარაკების მაგიდასთან ვჯდები და ჩემი მორალური და ფსიქოლოგიური უპირატესობა მათთვის დიდი დისკომფორტი იქნება. ასევე, 15 მაისამდე მთელ თბილისს და საქართველოს შემოვივლი და თავისუფლებაზე ყოფნის ყველა უპირატესობას გამოვიყენებ ქვეყნის სასარგებლოდ და მათ საწინააღმდეგოდ.

მეორე: საერთაშორისო და ადგილობრივი ზეწოლა უფრო მზარდი გახდება. ვერავის მსოფლიოში ვერ არწმუნებენ, რომ მათ არ ჰყავთ პოლიტიკური პატიმარი. ამიტომ მოუწევთ, წილი ყარონ და ისე მიიღონ გადაწყვეტილება“, – წერს ნიკა მელია.


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს, 11:00-ზე ჩაინიშნა. ინფორმაცია „პუბლიკას“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაუდასტურეს.

სავარაუდოდ, აღნიშნულ სხდომაზე დადგება ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვის საკითხი.