ვფიქრობ, სასამართლო არ გააუქმებს ჩემი პოლიტიკური პატიმრობის გადაწყვეტილებას - მელია

პუბლიკა

„ვფიქრობ, რომ სასამართლო არ გააუქმებს ჩემი პოლიტიკური პატიმრობის გადაწყვეტილებას, რადგან სამწუხაროდ ჩვენ გასულები ვართ სამართლებრივი სივრციდან და ქვეყანაში გვაქვს ველური დღის წესრიგი, სადაც ხელისუფლება თვლის, რომ ოპონენტი უნდა დაჩაგროს, მათ შორის დაპატიმრების გზით“, – ტელეკომპანია „მთავარი“ ამბობს, რომ ამის შესახებ წერილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ მათ მისწერა.

„მიუხედავად დასავლეთის ზეწოლისა ხელისუფლება ჩემს გათავისუფლებას არ დაუშვებს, იმის გამო რომ ამ შემთხვევაში მოლაპარაკების შემდგომ რაუნდზე ივანიშვილის წარმომადგენლებს ჩემთან ერთად მოუწევთ მაგიდასთან დასხდომა, სადაც მექნება უდიდესი მორალური და ფსიქოლოგიური უპირატესობა, თუ რატომ ამის ახსნას არ დავიწყებ“, – აღნიშნავს მელია.

გარდა ამისა, ნიკა მელიას მოსაზრებით, ხელისუფლება მას არ მისცემს საშუალებას, რომ აქტიურად ჩაერთოს 15 მაისის საპროტესტო აქციის მომზადებაში და მას არ მისცემენ უფლებას, ამავე მიზნით შემოიაროს მთელი თბილისი და ყველა რეგიონი.


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს, 11:00-ზე ჩაინიშნა. ინფორმაცია „პუბლიკას“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაუდასტურეს.

სავარაუდოდ, აღნიშნულ სხდომაზე დადგება ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვის საკითხი.